Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე დებიუტი სერია A-ში - გოლი და საგოლე პასი


ფოტო არქივიდან: ხვიჩა კვარაცხელია
ფოტო არქივიდან: ხვიჩა კვარაცხელია

იტალიის სერია A ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის გასახარი ამბით დაიწყო - „ნაპოლიმ“ სეზონი გამარჯვებით გახსნა და ამ წარმატებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა. 21 წლის ქართველმა შემტევმა ნეაპოლური კლუბის მაისურით პირველსავე ოფიციალურ მატჩში თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა. აქვე ერთი საინტერესო დეტალიც - „ნაპოლიმ“ თავის ოფიციალურ ვებსაიტზე, ძირითადი შემადგენლობის ცხრილს კვარაცხელიას ფოტო დაურთო.

„ნაპოლი“ პირველ ტურში „ვერონას“ ესტუმრა და ოცდამეცხრე წუთზე გოლი გაუშვა, მაგრამ ანგარიში მალევე გაათანაბრა, კვარაცხელიას ზუსტი თავურით. ამის შემდეგ გუნდებმა კიდევ გაცვალეს თითო გოლი. მეორე ტაიმის დაწყებიდან ათიოდ წუთში კი, კვარაცხელიამ ზიელინსკის გაატანინა და თავისი გუნდი ისევ დააწინაურა.

ხვიჩა კვარაცხელია მწვრთნელმა სამოცდამერვე წუთზე შეცვალა, როდესაც სტუმრები უკვე ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ. საბოლოოდ კი თამაში 5:2 დასრულდა.

კვარაცხელია „ნაპოლიში“ ამ ზაფხულს გადავიდა, ბათუმის „დინამოდან“. საქართველოს ნაკრების ლიდერმა ეროვნულ ჩემპიონატში მხოლოდ სამი თვე გაატარა. იქამდე ის ყაზანის „რუბინში“ ირიცხებოდა და კლუბი მარტში, საკუთარი სურვილით დატოვა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

XS
SM
MD
LG