Accessibility links

site logo site logo

სამი კაპიტანი და ნორდ-ოსტი. როგორ დაიკარგა არქტიკის ყინულებში სამი ექსპედიცია


გემი „წმინდა ანა“ კარის ზღვაში, 1912 წელი

1912 წელს არქტიკაში ერთმანეთის მიყოლებით გაუჩინარდა სამი რუსული ექსპედიცია, რომლებიც ევროპიდან აზიაში მიმავალ ჩრდილოეთის საზღვაო გზას ეძებდნენ. „წმინდა ანა“, „მოწამე ფოკა“ და „ჰერკულესი“ - ამ ხომალდების დრამატული ისტორია დაედო საფუძვლად ბენიამინ კავერინის რომანს „ორი კაპიტანი“.

რეალობისგანგ ანსხვავებით, რომანს ბოლო კეთილი აქვს.

21-ე საუკუნეში შოუბიზნესის ოსტატებმა რომანი ბროდვეის მასშტაბის მიუზიკლად აქციეს. „ნორდ-ოსტი“, რომელსაც აშკარად სოცრეალიზმის ნოსტალგია აჩნდა, ახლა მხოლოდ 2002 წელს მომხდართან ასოცირდება - ჩეჩენმა ბოევიკებმა სპექტაკლზე მისული ხალხი დაატყვევეს, იყო მსხვერპლიც.

ქაოსი პლანეტის კინკრიხოზე

მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში არქტიკა „ცხელ“ წერტილად იქცა. შვედმა ნილს ნორდენშელდმა ვეშაპებზე სანადირო ხომალდით „ვეგა“ პირველმა გაკვალა ჩრდილოეთის გზები შვედეთიდან წყნარ ოკეანემდე. ნორვეგიელი ფრიტიორფ ნანსენი ხომალდ „ფრამით“ შეეცადა ჩრდილოეთ პოლუსს მოდრეიფე ყინულებთან ერთად „მისდგომოდა“, ამისთვის ყინულებში გემი საგანგებოდ შეიყვანა. მისი მცდელობა, მართალია, ჩაიშალა, მაგრამ ბევრის შთაგონების წყაროდ კი იქცა, პირველ რიგში ამერიკელების. 1908 წელს ფრედერიკ კუკი პოლუსისკენ მარხილში შებმული ძაღლებით გაემგზავრა, 1909 წელს კი იგივე რობერტ პირმა გაიმეორა. ორივე ამტკიცებდა, მიზანს მივაღწიეო, მაგრამ კუკმა მძიმე ლაშქრობაში ყველა ის ჩანაწერი და გათვლები დაკარგა, რომელიც მის უპირატესობას დაადასტურებდა. ამიტომ პირველაღმომჩენად პირი აღიარეს.

იმ დროისთვის რუსეთს არქტიკაზე ყველაზე ფართო გასასვლელი ჰქონდა, არხანგელსკიდან - პეტროპავლოვსკ-კამჩატკამდე. ჰყავდა ბევრი გამოცდილი მეზღვაურიც, რომლებიც წლების განმავლობაში ყინულოვან წლებში დაცურავდნენ. მიუხედავად ამისა, არც ერთ რუსულ გემს ჩრდილოეთის გზები არ გაევლო და პოლუსზეც მხოლოდ ამერიკული დროშები ფრიალებდა. გაზეთები ცხოველების პოლარულ გმირობებზე წერდნენ, ნორვეგიელებზე, იტალიელებზე, ინგლისელებზე, ფრანგებზე. ამერიკელები ერთმანეთში პირველობას იყოფდნენ. რუსეთში კი ამ დროს, 1913 წლისთვის ემზადებოდნენ, რომანოვების ოჯახის 300 წლისთავი უნდა ეზეიმათ. ბევრ პატრიოტ კაპიტანს უნდოდა ამ თარიღის აღსანიშნავად ჩრდილოეთის ოკეანეში გაეცურა. ნაწილობრივ ამანაც განაპირობა ის, რომ 1912 წელი რუსული ექსპედიციების მხრივ ფრიად „მოსავლიანი“ იყო და ისიც, რომ ეს ექსპედიციები ნაჩქარევად მოაწყვეს.

ნორვეგიელები, მაგალითად, იგივე ნანსენი თავისი ყველა ექსპედიციისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდა. საგანგებოდ ამაგრებდნენ ხომალდებს, ტვირთავდნენ აღჭურვილობას და პროდუქტებს, ადგენდნენ მარშრუტებს.

ამერიკელები სპეციალურ ციგებს ამზადებდნენ. უკვეთავდნენ წარმოუდგენლად თბილ, „პოლარულ“ ტანსაცმელს, კარვებს. წინასწარ კვებავდნენ ძაღლებს. ცდილობდნენ ნებისმიერი წვრილმანი გაეთვალათ.

რუსეთს კი მაშინაც თავისი გზა ჰქონდა. 1912 წლის სამივე ექსპედიცია სულ რამდენიმე თვეში მომზადდა და სამივემ კატასტროფა განიცადა.

„ჰერკულესის“ კრახი

1912 წლის 9 ივლისს ზღვაში პატარა კეჩი „ჰერკულესი“ გავიდა. ეს იყო აფრიანი გემი ძრავით, რომელსაც ადრე ნორვეგიაში ცხოველებზე სანადიროდ იყენებდნენ. 64-ტონიანი წყალწყვის ხომალდი, მხოლოდ 24 ცხენისძალით, უქაროდ საათში 7 მილსაც კი ვერ გადიოდა. თუმცა იალქნებს თუ გაშლიდა, სამჯერ სწრაფად მიცურავდა ხოლმე. ხომალდს პოლარული მკვლევარი ვლადიმირ რუსანოვი ხელმძღვანელობდა. მას სერიოზული მეცნიერისა და გამბედავი ადამიანის რეპუტაცია ჰქონდა, შეეძლო პატარა გემებით ნებისმიერ ყინულს შორის გამძვრალიყო.

„ჰერკულესი“
„ჰერკულესი“

ოფიციალურად ექსპედიციის მიზანი შპიცბერგენში ნახშირის მოპოვება იყო. ნახშირი ყინულმჭრელი გემებისთვის სჭირდებოდათ.

რომანტიკოსი რუსანოვი ყინულმჭრელებს სკეპტიკურად უყურებდა, „არასაიმედო თუნუქი“ მსუბუქ იალქნიან გემთან ვერც მოვაო. „ჩემთვის რომ ეთქვათ, „ჰერკულესსა“ და უზარმაზარ ყინულმჭრელ „ვაიგაჩს“ შორის აირჩიეო, უსიტყვოდ „ჰერკულესს“ ავირჩევდი“, - ამბობდა ის. მაგრამ დავალება დავალება იყო, ახალი ორთქმავლებისთვის ნახშირი უნდა ეშოვა და თან ხმაურის გარეშე. ექსპედიციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აფინანსებდა, თუმცა ფორმალურად ის „კერძო“ იყო, რადგან საერთაშორისო კონვენცია შპიცბერგენში სახელმწიფოს რაიმე სახის საქმიანობას კრძალავდა. ამის გამო გემიც ისეთი აარჩიეს, რომელიც ყურადღებას არ მიიქცევდა.

თუმცა, რუსანოვი უფრო დიდხნიანი მგზავრობისთვის ემზადებოდა. გემზე დიდი რაოდენობით აღჭურვილობა და ტანსაცმელი ჩატვირთეს, წლინახევრის სამყოფი პროდუქტები შეიტანეს. ჩანდა გემი იმავე ზაფხულს არ დაბრუნდებოდა არადა, გეგმის მიხედვით სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო.

რუსანოვი მიიჩნევდა, რომ აღმოსავლეთისკენ ყველაზე მოკლე გზა გადიოდა არა ახალი მიწის სამხრეთზე, სადაც გასასვლელს ხშირად ყინული ხერგავდა, არამედ კუნძულის ჩრდილოეთით, აქ ყინული მოძრაობდა და შესაძლებელი იყო მათ შორის გამძვრალიყავი. ამ გზის ათვისებით წყეულ ნორვეგიელებს თავის ადგილას მოსვამდა. რუსანოვს პატრიოტული აზრები ჰქონდა, უნდოდა კარის ზღვა უცხოელი მეწარმეებისთვის ჩაეკეტა და მთელი „ახალი მიწა“ ხელთ ეგდო.

ნახშირს ექსპედიციამ საკმაოდ მალე მიაგნო. რუსანოვმა და მისმა თანამგზავრებმა, რომელთა შორის მისი საცოლე, ფრანგი ჟულიეტა ჟან-სესინიც (გეოლოგი და ექიმი განათლებით) იყო, ნახშირის 27 ახალი წყარო აღმოაჩინეს და მონიშნეს, ანგარიშები კი ორ მეზღვაურთან ერთად გზად შემხვედრ გემს გამოატანეს „დიდ მიწაზე“.

ვლადიმირ რუსანოვი და მისი საცოლე.
ვლადიმირ რუსანოვი და მისი საცოლე.

სამწუხაროდ, სწორედ ამ დღებში „ჰერკულესს“ ბედმა უმტყუნა. ბოლო შეტყობინება ახალი მიწის კუნძულებს შორის მდებარე სრუტეში დაიწერა: „ყინულებს შორის ვართ. შტორმმა მატოჩკინი შარის სამხრეთით გადაგვისროლა. მივდივარ ახალი მიწის ჩრდილო დასავლეთ კიდისკენ, იქიდან აღმოსავლეთისკენ“...

1912 წლის შემოდგომაზე კარის ზღვაში ყინულის მხრივ მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, რამაც სამივე ექსპედიციაზე მოახდინა გავლენა. პირველად ყინულის ტყვეობაში „ჰერკულესი“ გაება და ზღვაში მარილის მწიკვივით გაუჩინარდა. რუსანოვის ხომალდი ორი წლის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარეს.

დიდი ალბათობით, კაპიტანს, მის საცოლესა და ეკიპაჟის წევრებს მოუწიათ გემი დაეტოვებინათ და ხმელეთის მიმართულებით დაძრულიყვნენ. შესაძლოა მათ ტაიმირის უკაცურ ნაპირებამდეც კი მიაღწიეს. აქ მოგვიანებით იპოვეს ბოძი წარწერით „ჰერკულესი 1913“, მეზობელ კუნძულზე კი - ტანსაცმლის ნაფლეთები, პატრონები, კომპასი და 25-სანტიმიანი მონეტა.

ასეთ მონეტებს ცრუმორწმუნე ფრანგი ქალები ფეხსაცმელში თილისმად იდებდნენ.

„როცა კვდებოდა, ხელში კომპასი ჰქონდა ჩაბღუჯული“

გიორგი სედოვის ექსპედიციაზე ბევრი რამ არის ცნობილი, ბევრი სევდიანი რამ.

1912 წელს სედოვმა ჰიდროგრაფიულ მმართველობას წარუდგინა გეგმა, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსამდე ციგებით მისვლას ითვალისწინებდა. კომისიამ უარი თქვა, უწოდა რა მას „აბსოლუტურად ფანტასტიკური და არარეალური“. გეგმა არც სახელმწიფო დუმამ დააფინანსა.

ვინც არქტიკა იცოდა, სედოვს აფრთხილებდა, რომ ასეთი სერიოზული ექსპედიციის 2 თვეში ორგანიზებას ვერ შეძლებდა და მოუმზადებლად ვერც ათასობით კილომეტრს გაივლიდა ყინულზე. სანაცვლოდ, ეს იდეა გაზეთ „ნოვაია ვრემიას“ მკითხველებს მოეწონათ. გაზეთის გამომცემელმა მიხაილ სუვორინმა თანხების მობილიზება დაიწყო. კამპანია იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ 10 ათასი რუბლი ნიკოლოზ მეორემაც კი გაიღო.

სედოვი გაზეთში რამდენიმე თვე წერდა მიმართვებს და სტატიებს: „ჩვენ ყველას დავუმტკიცებთ, რომ რუსები ამ გმირობაზე წამსვლელი არიან“... ამბობდა ის. ერთხელ კი ასეთი პუბლიკაციაც გამოაქვეყნა: „როგორ აღმოვაჩენთ ჩრდილოეთ პოლუსს“.

პოლუსი ამ დროისთვის უკვე ამერიკელებს ჰქონდათ აღმოჩენილი. მაგრამ როდესაც ჟურნალისტები ამ ფაქტზე მიუთითებდნენ, ის მხრებს იჩეჩდა - ვინ იცის, მათ იქ რა აღმოაჩინეს? აი, მივალ პოლუსამდე და ადგილზე ვნახავო.

გიორგი სედოვი
გიორგი სედოვი

ივლისში სედოვმა ძველი იალქნიანი გემი „წმინდა მოწამე ფოკა“ აღჭურვა. გემს რა სახელიც ჰქონდა, დაახლოებით იმავე მდგომარეობაშიც იყო. გემბანში წყალი ჟონავდა, მექანიზმი - გაუმართავი, არც შესაკეთებლად ჰქონდათ დრო. სანოვაგეც სახელდახელოდ მოამზადეს - გაფრთხილების მიუცედავად, უამრავი დამარილებული პროდუქტი შეიძინეს. დამარილებული სანოვაგე მოგზაურობის დაწყებისთანავე გაიყინა, შემდეგ გადნა, ისევ გაიყინა... მისი ჭამა უკვე აღარ შეიძლებოდა, როდესაც მომზადებას ცდილობდნენ, გემი გვამის სუნად ყარდა ხოლმე.

ამასთან, გემზე ყველაფერი ვერ დატიეს და ყუთების ნაწილი (შემდეგ გაირკვა, რომ იქ საჭირო ნივთები ეწყო, მათ შორის, ნავთი და ფითილები) ნაპირზევე დატოვეს. ნახშირიც საჭიროზე ორჯერ ნაკლები წამოიღეს. თითქმის ბოლო წამს გაახსენდათ მთავარი - მარხილში შესაბმელი ძაღლები, რომლითაც პოლუსამდე უნდა მიეღწიათ. 80 ძაღლი სჭირდებოდათ, მაგრამ ტობოლსკის გუბერნიიდან მხოლოდ 35 გამოუგზავნეს. დანარჩენები ნაჩქარევად იყიდეს არხანგელსკში. ისინი შემდეგ ჩვეულებრივი უჯიშო ძაღლები აღმოჩნდნენ, პირდაპირ ქუჩაში დაჭერილი და მალევე დაიხოცნენ.

ექსპედიციის სამზადისის შემყურე ხომალდის გუნდი ნელ-ნელა იფანტებოდა. 24 აგვისტოს კაპიტანი, მისი თანაშემწე, შტურმანი, მექანიკოსი, მექანიკოსის თანაშემწე და ბოცმანი უარზე დადგნენ, სედოვთან ერთად ზღვაში გასულიყვნენ. აქ იგივე განმეორდა, რაც მანამდე ძაღლებთან დაკავშირებით მოხდა. ნაჩქარევად შეკრიბეს ახალი გუნდი, რომელშიც საქმის მცოდნე თითქმის არავინ იყო.

სედოვის ეკიპაჟის წევრები „წმინდა მოწამე ფოკაზე“
სედოვის ეკიპაჟის წევრები „წმინდა მოწამე ფოკაზე“

მიუხედავად ამისა, 27 აგვისტოს „ფოკა“ მაინც გავიდა ზღვაში. მეორე დღეს სედოვმა გადაწყვიტა ხომალდისთვის სახელი გადაერქვა. უნდოდა მთავარი სპონსორის პატივსაცემად მიხაილ სუვორინი ეწოდებინა, მაგრამ ძველი სახელის გადაღება ვერ მოახერხეს, საღებავიც დარჩენოდათ. ნეტავ, მხოლოდ საღებავი, როგორც გემის ექიმი კუშაკოვი იხსენებდა, პირველი თვეები ექსპედიციის წევრები მუდმივად გემის გადაქოთებაში იყვნენ, საჭირო ნივთისთვის რომ მიეგნოთ. „გამუდმებით ეძებდნენ ფანრებს, ლამპებს, მაგრამ ვერ პოულობდნენ. ვერც ჩაიდანი იპოვეს, ვერც ხეირიანი ქვაბი. სედოვი ამბობდა, რომ ეს ყველაფერი შეუკვეთეს, მაგრამ, როგორც ჩანს, არ გამოუგზავნიათ“.

როდესაც „ფოკამ“ ახალი მიწაზე „კრესტოვაიას“ ყურეს მიაღწია, გემი კიდევ ხუთმა ადამიანმა დატოვა. მათ გადაწყვიტეს, უკან რეისზე მომუშავე ხომალდს გაჰყოლოდნენ. ეს გონივრული იყო, რადგან უკვე 15 სექტემბერს გემი გაუვალ ყინულებში აღმოჩნდა. უკვე შეუძლებელი ხდებოდა მიეღწიათ ფრანც-იოსების მიწებამდე, იქ ჯგუფი გადაესვათ და უკან დაბრუნებულიყვნენ. მინიმალური რაოდენობის ნახშირითა და თბილი ტანსაცმლით ეკიპაჟმა ახალ მიწაზე გამოიზამთრა.

გიორგი სედოვი თავის კაიუტაში.
გიორგი სედოვი თავის კაიუტაში.

ამის შემდეგ გემის კაპიტანი ნიკოლაი ზახაროვი სედოვს საბოლოოდ წაეკიდა და 1913 წლის გაზაფხულზე რამდენიმე ადამიანთან ერთად ნავით „კრესტოვოი გუბისკენ“ გაემგზავრა. შემოდგომაზე არხანგელსკამდე მიაღწიეს და ადმირალიტეტს ფოსტა გადასცეს. ასე გაიგეს პეტერბურგში, რომ სედოვის ექსპედიციის წევრები არათუ ცოცხლები იყვნენ, არამედ ნახშირისა და სურსათის გამოგზავნასაც კი ითხოვდნენ, რომ გზა გაეგრძელებინათ. სუვორინს ფული არ აღმოაჩნდა, ხოლო როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქმეში ჩართვა, ნავიგაცია უკვე შეუძლებელი იყო.

მიუხედავად ამისა, 1913 წლის დასაწყისში სედოვის ხომალდი ყინულებისგან გათავისუფლდა და ნელ-ნელა ფრანც-იოსების მიწისკენ გაემართა. მიაღწიეს მის ფლორას, სადაც იგლისელი მკვლევრის ჯექსონის ძველი ბაზა მდებარეობდა. ეკიპაჟი ნაპირზე გადმოვიდა და ხის ნაგებობები შეშისთვის დაშალა. „ფოკას“ ღუმლებში კვლავ გაჩნდა ცეცხლი და გემიც მხნედ გაემართა ჩრდილოეთისკენ. თუმცა, ეს მხნეობა მხოლოდ ორ დღეს „ეყო“. ხომალდი ისევ გაუვალ ყინულებს გადააწყდა და ახლა აქ მოუხდათ გამოზამთრება - ჰუკერის კუნძულის ყურეში, საიდანაც პოლუსამდე 2 ათასზე მეტი კილომეტრი იყო გადაჭიმული.

როგორც შემდეგ გადარჩენილები იხსენებდნენ, ეს ზამთარი მათ ნამდვილ ჯოჯოხეთად ექცათ. გემი თითქმის არ თბებოდა. პროდუქტებიდან მხოლოდ ბურღულეული შემორჩათ, ექსპედიციის წევრებს კი სურავანდი მოედოთ, მათ შორის სედოვსაც.

„წმინდა მოწამე ფოკა“ ახალ მიწასთან იზამთრებს.
„წმინდა მოწამე ფოკა“ ახალ მიწასთან იზამთრებს.

მიუხედავად ამისა, 2 თებერვალს მან ბრძანება გასცა, პოლუსზე გასამგზავრებლად მარხილები გაემზადებინათ. ამ დროისთვის მხოლოდ 20 ძაღლი იყო ცოცხალი. ეს ორ მარხილს ეყოფოდა, ამიტომ სედოვთან ერთად გზას მხოლოდ ორი მატროსი გაუდგა. ქარბუქისა და ტოროსების გამო დღის განმავლობაში მხოლოდ 10 კილომეტრს თუ გადიოდნენ.

სედოვს დაავადება გაურთულდა. ერთი კვირის შემდეგ, მას უკვე სიარულიც აღარ შეეძლო, მატროსებს უბრძანა მარხილზე დაეკრათ, მაგრამ გზა მაინც გაეგრძელებინათ. დროდადრო გონებას კარგავდა. როდესაც ისევ მოდიოდა გრძნობაზე, მაშინვე კომპასს ამოწმებდა, უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ მატროსებმა მის ბრძანებას არ გადაუხვიეს.

სედოვის ბოლო ფოტო, 2014 წელი.
სედოვის ბოლო ფოტო, 2014 წელი.

„როცა კვდებოდა, კომპასი ჰქონდა ჩაბღუჯული!“ - დაწერა ნახევარი საუკუნის შემდეგ ნიკოლაი ზაბოლოცკიმ. ეს პოეტური ფრაზა არ იყო. 1914 წლის 20 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მხოლოდ 130 კილომეტრით წაიწიეს წინ, სედოვმა სამუდამოდ დახუჭა თვალი, კომპასი გაყინულ ხელში შერჩა. მატროსებმა კაპიტანის ცხედარი იალქნების ტომრებსა და იმ დროშაში გამოახვიეს, რომლის აღმართვასაც ჩრდილოეთ პოლუსზე აპირებდა და ყინულებში დამარხეს. ამის შემდეგ ისინი უკან დაბრუნდნენ. პატრონს ბოლომდე მხოლოდ ერთ-ერთმა ძაღლმა „ფრამმა“ უერთგულა, ის სამუდამოდ ყინულებში, თავისი პატრონის საფლავთან დარჩა.

სედოვის თანამგზავრებმა შუა მარტში მოახერხეს უკან ხომალდთან დაბრუნებულიყვნენ. მას შემდეგ, რაც ოთახების გამყოფი კედლები შეშად დაჩეხეს, ცოცხლად დარჩენილმა მატროსებმა ღუმლებში ცეცხლი გააჩაღეს და გემი სამხრეთისკენ მოატრიალეს. შეშა მალე თავდებოდა. ღუმელში შეუკეთეს ავეჯი, გემბანის ხით მოპირკეთებული ნაწილები, გემის შიდა ძელები. როდესაც ჰორიზონტზე ბოლოს და ბოლოს მურმანსკის ნაპირი გამოჩნდა, გემისგან თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი.

თუმცა, მაინც მიაღწიეს.

სხვათა შორის ამ მოფახფახებულმა გემმა გზად ორი ადამიანის სიცოცხლეც იხსნა. ჯექსონის დაშლილ ბაზასთან გემმა აიყვანა მეზღვაურები, რომლებიც 1912 წლის მორიგი რუსული ექსპედიციის გადარჩენილი წევრები იყვნენ.

სასიკვდილო გზა ყინულებში

ხომალდი „წმინდა ანა“ პეტერბურგიდან 1912 წლის 10 აგვისტოს გავიდა. ექსპედიციას ლეიტენანტი გიორგი ბრუსილოვი ხელმძღვანელობდა. შტურმანად იყო მისი მეგობარი, გამოცდილი მკვლევარი ვალერი ალბანოვი. მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიაში დამზადებული გემი 40 წლის იყო, ის ჩრდილოეთის წყლებში სავალ იდეალურ ხომალდად მიიჩნეოდა.

გიორგი ბრუსილოვი
გიორგი ბრუსილოვი

სექტემბრის დასაწყისში „წმინდა ანა“ ახალი მიწის სამხრეთით წავიდა, მაგრამ თითქმის მაშინვე ყინულზე აღმოჩნდა. გემზე წლინახევრის სამყოფი სურსათი იყო. შეშის მარაგისთვის კუნძულებზე თხილამურებით გადავიდოდნენ და შეივსებდნენ, თან ლომვეშაპის ან თეთრი დათვის მონადირებაც შეიძლებოდა. მაგრამ 1913 წელს ბრუსილოვმა შეამჩნია, რომ ყინული, რომელზეც გემი მოექცა, ჩრდილოეთისკენ მიიწევდა. რამდენიმე თვის დრეიფის შემდეგ „ანა“ ფრანც-იოსების მიწაზე უფრო ჩრდილოეთითაც კი აღმოჩნდა. იმაზე მეტად მიუახლოვდა პოლუსს, ვიდრე სედოვი თავისი ძაღლებით. ნადირობა უკვე შეუძლებელი იყო, მარაგი კი თავდებოდა. თან ეკიპაჟს სურავანდი მოედო, რის გამოც მეზღვაურები საწოლს იყვნენ მიჯაჭვულები.

ბრუსილოვი კაიუტიდან არ გამოდიოდა. შტურმანთან მორიგი ჩხუბის შემდეგ კი განაცხადა, ალბანოვს სამსახურიდან ვუშვებო. ალბანოვს გემის დატოვება და ყინულით უკან დაბრუნება ჰქონდა გადაწყვეტილი. ეკიპაჟის ნაწილმა არჩია მას გაჰყოლოდა და ბრუსილოვიც იძულებული გახდა, მათთვის ნება მიეცა ფეხით დაბრუნებისთვის მომზადებულიყვნენ. ამას მართლაც ჰქონდა აზრი, მარაგი თავდებოდა, ნახევარი ეკიპაჟი კი უფრო ადვილად გაიტანდა თავს.

1914 წლის 23 აპრილს 11 მეზღვაური ალბანოვის მეთაურობით სამხრეთისკენ დაიძრა. გემზე 13-ნი დარჩნენ და მათი ბედის შესახებ ამ მომენტიდან თითქმის არაფერია ცნობილი. ყინული დრეიფს განაგრძობდა და ალბანოვის მეზღვაურები, მიუხედავად იმისა, რომ წინ მიდიოდნენ, მაინც ერთ ადგილას იდგნენ. ჯექსონის ბაზამდე მათ 180-ის ნაცვლად უკვე 400 კილომეტრი უნდა გაევლოთ.

სქემა, რომელსაც ვალერი ალბანოვი მიჰყვებოდა.
სქემა, რომელსაც ვალერი ალბანოვი მიჰყვებოდა.

ჯერ ერთი მეზღვაური დაიკარგა. მერე ორი ნავი გაუფუჭდათ და ადგილზე დატოვეს. ბევრი თოვლში წვებოდა და იხვეწებოდა, დავისვენოთო. როდესაც ბოლოს და ბოლოს ალექსანდრას მიწას მიაღწიეს, ორ ჯგუფად გაყოფა მოუხდათ. ხუთი კაცი ნაპირს ფეხით გაუყვა, მეორე ხუთი კი ნავებით. ყოველ საღამოს შეთანხმებულ ადგილას უნდა შეხვედრილიყვნენ, მაგრამ უკვე მეორე დღეს ვეღარ შეხვდნენ. ერთი ჯგუფი დაიკარგა. ახლა ცოცხალი მხოლოდ 5 ადამიანიღა იყო დარჩეილი, მეორე დღეს - 4, ერთ-ერთი მეზღვაური, რომელიც დათვის ხორცის ჭამის შემდეგ გაუგებარი დაავადებით იტანჯებოდა, ალბანოვს ჩააკვდა ხელში.

მძიმე გზა ყინულზე - ალბანოვის ნახატი.
მძიმე გზა ყინულზე - ალბანოვის ნახატი.

ფრანც-იოსების მიწამდე ცოტაღა იყო დარჩენილი, მხოლოდ მის ფლორა უნდა მოეტოვებინათ უკან. მაგრამ როდესაც მას ორი გემით მიუახლოვდნენ, ძლიერმა ქარმა ნავებს ნაპირამდე მისვლის საშუალება არ მისცა. ალბანოვმა და მისმა თანამგზავრმა კონრადმა შეძლეს ყინულის ნაჭერზე გემი აეთრიათ და იქ გათენებას დალოდებოდნენ. მეორე ნავი სამუდამოდ გაუჩინარდა. ახლა უკვე ორნიღა დარჩნენ.

დილით ყინულის ფილა, რომელზეც საძილე ტომრებში გახვეულებს ეძინათ, შუაში გაიპო და ორივე ყინულოვან წყალში ჩაცვივდა. სასწაული იყო, რომ საძილე ტომრებიდან თავის დაღწევა შეძლეს და ზედ ნავის ცხვირწინ ამოყვინთეს. ნიჩბებს მიცვივდნენ და რომ არ გაყინულიყვნენ, რამდენიმე საათის განმავლობაში განუწყვეტლად უსვავდნენ. შემდეგ მოახერხეს კოცონი დაენთოთ და თუმცა, კონრადს ფეხზე თითები მოეყინა, გზა მაინც განაგრძეს. მალე ისინი ჯექსონის ბაზას გადაწყდნენ, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილიყო ორიოდე ქოხი და უამრავი კონსერვი, რომლებმაც მათი სიცოცხლე იხსნა.

ეს მოხდა 1914 წლის 9 ივლისს. 20 ივლისს, როცა უკვე გამოსაზამთრებლად ემზადებოდნენ, ალბანოვმა უეცრად კვამლი დაინახა. „წმინდა მოწამე ფოკა“, რომლის ღუმელშიც მეზღვაურები უკვე უკანასკნელ სკამებს წვავდნენ მათკენ მოდიოდა.

P.S. 1915 წელს ჩრდილოეთის საზღვაო გზებზე ადვილად გაიარა ორმა რუსულმა ყინულმჭრელმა „ტაიმირმა“ და „ვაიგაჩმა“. მათ არავინ აჩქარებდა, არავის ეჯიბრებოდნენ, უბრალოდ თავიანთ რკინის მანქანებს ამოწმებდნენ და ასრულებდნენ ბრძანებას - გაეხსნათ საზღვაო გზა ჩრდილოეთის სანაპიროების გასწვრივ.

როგორც წესი, სერიოზული საქმეები სწორედ ასე კეთდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG