ირანის სასულიერო მამამთავრის, აწ გარდაცვლილი აიათოლა რუჰოლა ხომეინის მიერ 1989 წელს მწერალ სალმან რუშდის მიმართ, მისი რომანისთვის -"ეშმაკეული აიები" - დაწესებული ფატვა, ბევრ ლიბერალ მწერალსა და მოაზროვნესაც აწუხებს, რადგან მათი ნაწარმოებებიც ისლამისა და წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხმყოფლად ითვლება.
12 აგვისტოს, აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში, მომხდარი თავდასხმა რუშდიზე - ერთეული შემთხვევა არ არის. მწერლები, მეცნიერები, ჟურნალისტები, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, რომელთაც ისლამური რწმენის კრიტიკა ან ეჭვქვეშ დაყენება გაბედეს, მსგავსი მუქარისა და დაგმობის წინაშე აღმოჩენილან რელიგიური პირების მხრიდან.
ისინი ან მოკლეს, ან დააპატიმრეს, ან გაროზგეს, ან აიძულეს დამალულიყვნენ, ანაც გადაასახლეს. მათი წიგნები აკრძალული და დაგმობილი იყო რელიგიური უწყებების მიერ, როგორც მკრეხელური. ეს რელიგიური უწყებები დაფინანსებული იყო ისეთი სახელმწიფოების მიერ, როგორიცაა პაკისტანი, ეგვიპტე, იორდანია და საუდის არაბეთი, რომელთაც დასავლეთი მოკავშირეებად და ზომიერი ისლამის მომხრეებად მიიჩნევს.
უკანასკნელ წლებში, მუსლიმი მებრძოლები და ჯიჰადის მქადაგებლები სოციალურ მედიას იყენებენ იმისთვის, რომ წააქეზონ მუსლიმები მთელ მსოფლიოში - მოკლან ისინი, ვინც, მათი თქმით, ჩირქს სცხებს ისლამსა და წინასწარმეტყველ მუჰამედს.
რა არის ფატვა და ვინ აწესებს მას?
ფატვა არის ამა თუ იმ საკითხზე ისლამური კანონის ან მოსაზრების საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი ძალის მქონე დადგენილება, რომელსაც ადგენს მაღალი რანგის ისლამური რელიგიური პირი, რელიგიური უწყება ან სწავლულთა კვალიფიციური საბჭო. ის შეიძლება შეეხებოდეს სხვადასხვა სუბიექტს, მათ შორის - ერთ პირსაც.
ფატვა, რომელიც ვინმეს სიკვდილისკენ მოწოდებას წარმოადგენს, შეიძლება გამოიცეს მათ წინააღმდეგ, ვინც მიიჩნევა, რომ შეურაცხყოფს ისლამსა და წინასწარმეტყველ მუჰამედს.
არის თუ არა ფატვის მოქმედების დათქმული ვადა?
ფატვა დროთა განმავლობაში არ ქრება და იშვიათად უქმდება.
ოცდაცამეტი წლის შემდეგ, რაც ხომეინიმ რუშდის წიგნი მკრეხელურად გამოაცხადა და მისი თავისთვის ჯილდო დააწესა 1989 წელს, მწერალი დანის რამდენიმე დარტყმით დაჭრეს საჯარო გამოსვლისას ნიუ-იორკის შტატში.
13 აგვისტოს, სასამართლოზე, ჰადი მატარიმ, აშშ-ის 24 წლის მოქალაქემ, რომლის მშობლები ლიბანიდან არიან, აღმსარებლობით შიიტმა მუსლიმმა, თავი დამნაშავედ არ ცნო მკვლელობის მცდელობისა და თავდასხმის ბრალდებებში.
ვინ ახორციელებს სასიკვდილო ფატვას?
უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში, ზოგიერთმა სუნიტმა მუსლიმმა მქადაგებელმა და ჯიჰადის ერთგულმა, რომელთაც მილიონობით მიმდევარი ჰყავთ, ასევე დააწესეს ფატვა, რომელიც მოუწოდებს იმ მუსლიმთა სიკვდილისკენ, რომელთაც ისინი ურწმუნოებად მიიჩნევენ, და აქვეყნებენ შესაბამისი მოქმედების წამქეზებლურ ვიდეოებს, სიტყვებსა და განცხადებებს.
ფატვას ახორციელებენ ამ ქადაგებით შთაგონებული მებრძოლები, ჩუმად მოქმედი აგენტები და მიმდევრები, რომელთაც სურთ გამოეხმაურონ თავიანთი რელიგიური ლიდერის მოწოდებას და მოიხადონ თავიანთი რელიგიური ვალი.
1994 წლის 14 ოქტომბერს, მუსლიმმა ექსტრემისტმა, რომელიც შთაგონებული იყო ომარ აბდელ-რაჰმანის - ისლამური ჯგუფის, "ალ-გამაა ალ-ისლამიას" იმ დროს წამყვანი სუნიტი მებრძოლი სასულიერო პირის - მიერ დაწესებული ფატვათი, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ყელში ეგვიპტელ ნობელის ლაურეატს, ნაგიბ მაჰფუზს.
აბდელ-რაჰმანმა ფატვა გამოსცა მაშინ, როცა პატიმრობაში იმყოფებოდა აშშ-ში, ნიუ-იორკში აფეთქების შეთქმულებაში მონაწილეობის გამო, და განაცხადა, რომ მაჰფუზის სისხლი უნდა დაღვრილიყო, რადგან მისი რომანი "ქუჩის ბიჭები", რომელიც მან 1959 წელს დაწერა, მკრეხელური იყო ისლამის მიმართ.
კაცმა, რომელიც მაჰფუზის მკვლელობის მცდელობის გამო დააკავეს, ეგვიპტის პოლიციის მიერ დაკითხვისას აღიარა, რომ არასდროს წაუკითხავს მისი წიგნი - ის მოქმედებდა ფატვის საფუძველზე, რომელიც მისმა მებრძოლმა მოძღვარმა დააწესა.
რა დამოკიდებულება აქვს ფატვის მიმართ სახელმწიფო რელიგიურ ხელისუფლებას?
რადიკალურ და სახელმწიფო კონსერვატიულ ისლამს შორის ზღვარი ბუნდოვანია.
დასავლეთის მოკავშირე არაბულმა სახელმწიფოებმა ვერ შეძლეს ვერც საკუთარი რელიგიური ხელისუფლებებისა და სწავლებების მოთოკვა და ვერც იმ მწერლებისა და მოაზროვნეების დაცვის უზრუნველყოფა, რომლებიც რადიკალური მუსლიმების მიერ სასიკვდილო სიაში იყვნენ შეყვანილი.
1998 წელს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მოჰამად ხათამიმ, განაცხადა, რომ რუშდის „საქმე მთლიანად დასრულებულია“. ხათამი თეოლოგია, მან მიაღწია ჰოჯათოლესლამის - ისლამის სწავლულის აიათოლამდე უმაღლეს რანგს. მას ნათესაური კავშირი აქვს აიათოლა ხომეინისთან.
იმავე წლის სექტემბერში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქამალ ხარაზიმ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რობინ კუკს გაეროში, ნიუ-იორკში შეხვედრისას განუცხადა, რომ ირანი არავითარ ქმედებას არ მიმართავს, რაც რუშდის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის და არც არავის წააქეზებს ამისკენ.
მაგრამ, იმავე წელს, იმავე თვეში, როგორც Reuters-ი გვამცნობს ირანის მედიაზე დაყრდნობით, ირანის სამმა სასულიერო პირმა (მათი ვინაობა სააგენტოს არ დაუზუსტებია) მოუწოდა თანამორწმუნეებს და მათ მიმდევრებს, ფატვის თანახმად, მოკლან რუშდი.
ეგვიპტის მაგალითი განსხვავებულია: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციამ "ალ აზჰარმა", ეგვიპტის უმაღლესმა ისლამურმა ორგანომ, ზემოთ ხსენებული მაჰფუზის წიგნი ბევრად უფრო ადრე აკრძალა, ვიდრე მას ისლამის შეურაცხყოფის გამო თავს დაესხმებოდნენ.
1992 წლის 8 ივნისს, ეგვიპტელი ლიბერალი მწერალი, ფარაგ ფუდა ცივი იარაღით მოკლა ისლამური დაჯგუფების ორმა წევრმა მას შემდეგ, რაც "ალ-აზჰარმა" ის დაადანაშაულა, როგორც "ისლამის მტერი" და "რჯულგანდგომილი".
ზოგიერთი საერო ინტელექტუალი ვარაუდობს, რომ სწავლულთა მიერ "ალ-აზჰარის" საჯარო დაგმობა სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. მათი თქმით, "ალ-აზჰარის" ასეთ დადგენილებებს ჯიჰადისტები აღიქვამდნენ, როგორც მათი მკვლელობის ნებართვას.
საუდის არაბეთის მართლმსაჯულების სისტემა ემყარება შარიათს, ანუ ისლამურ კანონს, ხოლო მისი მოსამართლეები სამეფოს სუნიტური ისლამის ულტრაკონსერვატიული ვაჰაბიტური სკოლის სასულიერო პირები არიან. შარიათის ვაჰაბიტური ინტერპრეტაციით, რელიგიური დანაშაულები, მათ შორის, ღვთისგმობა და რჯულგანდგომილობა, სიკვდილით ისჯება.
საუდის არაბეთის რელიგიურმა სასულიერო მოღვაწეებმა მრავალი ფატვა გამოსცეს, რომლებიც მოუწოდებდა მწერლების, ბლოგერების, მიმომხილველებისა და აქტივისტების სასამართლო პროცესებისკენ, დაპატიმრებისა და სიკვდილით დასჯისკენ - "ღვთის დამგმობი სტატიებისა" და რჯულგანდგომილობის გამო.
ასეთმა ფატვებმა სამეფოში გამოიწვია მწვავე რეაქცია, მათ მოჰყვა მოკვლით მუქარა სოციალურ ქსელებში. ზოგიერთ მწერალს მოუწია პოსტების წაშლა, საჯარო ბოდიშის მოხდა და ბრალის მონანიება სასამართლოში. სხვებს - გაროზგვისა და პატიმრობის ატანა.