აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს აშშ-ის სასამართლოში სარჩელი შეიტანა მოთხოვნით, დაინიშნოს სპეციალური დამოუკიდებელი ექსპერტი და მანამდე გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებს აეკრძალოთ მისი ფლორიდის სახლიდან ამოღებული დოკუმენტაციის შემოწმება.
სარჩელში დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ჩხრეკის გადაწყვეტილება პოლიტიკური გათვლებით მიიღეს კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე 90 დღით ადრე, რათა "გაეჩუმებინათ რესპუბლიკური პარტიის წამყვანი ხმა - პრეზიდენტი ტრამპი". სარჩელში ნათქვამია, რომ ყოფილი პრეზიდენტის დოკუმენტების შესწავლის მიზნით დამოუკიდებელი წარმომადგენლის დანიშვნა, ამ სიტუაციაში „ერთადერთი ეფექტური ვარიანტია“.
8 აგვისტოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენლებმა ფედერალური მოსამართლის მიერ ხელმოწერილი ორდერის საფუძველზე ყოფილი პრეზიდენტის ფლორიდაში მდებარე რეზიდენცია გაჩხრიკეს. ორდერის თანახმად, FBI იძიებს ყოფილი პრეზიდენტის მიერ 2021 წელს, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ წაღებული საიდუმლო დოკუმენტების შენახვის შესახებ კანონების შესაძლო დარღვევებს.
პრესის ცნობით, ჩხრეკისას ამოღებულია 11 კომპლექტი საიდუმლო დოკუმენტი და 20-მდე ყუთი, რომელთა შინაარსი არ სახელდება.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ იცის, კონკრეტულად რა ამოიღეს გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფიცრებმა. ის მოითხოვს ამოღებული მასალების სრული სიის წარდგენას და ამტკიცებს, რომ ჩხრეკა უკანონოდ განხორციელდა. 8 აგვისტოს ჩხრეკა იყო „სანქცირებული ფედერალური სასამართლოს მიერ, რომელმაც აუცილებელი საფუძველი აღმოაჩინა“ ასეთი ქმედებისთვის, განაცხადა გენერალური პროკურატურის სპიკერმა საპასუხოდ.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახლის ჩხრეკას ბევრი ცნობილი რესპუბლიკელი პოლიტიკოსის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ისინი ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციის უპრეცედენტო ჩხრეკას გაუმართლებელს უწოდებდნენ. აღნიშნული პოლიტიკოსები დონალდ ტრამპთან და რამდენიმე წამყვან ამერიკულ მედიასაშუალებასთან ერთად, მოუწოდებენ გენერალურ პროკურატურას, გაასაჯაროოს FBI-ის გამომძიებლების ე.წ. მტკიცებულებები, რომლებმაც მოსამართლეს ჩხრეკის ნებართვის საფუძველი მისცა. მოსამართლემ გენერალურ პროკურატურას ამ დოკუმენტების გასაჯაროება შესთავაზა, მის მიერ საიდუმლოდ მიჩნეული დოკუმენტების გარდა.