გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყების ხელმძღვანელმა, მიშელ ბაჩელეტმა, მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, შეწყვიტოს შეიარაღებული თავდასხმები უკრაინაში და განაცხადა, რომ უნდა მოხდეს ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია.
ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინაში, რუსებმა მარტში დაიპყრეს, მალევე მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრნენ 24 თებერვალს. ის არაერთხელ მოექცა ცეცხლის ქვეშ უკანასკნელი კვირების განმავლობაში, რამაც გამოიწვია ბირთვული კატასტროფის საფრთხე ქვეყანაში, რომელსაც არ მოუნელებია ჩერნობილის 1986 წლის ავარიის შედეგები.
ბაჩელეტმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, აწარმოოს ზუსტი აღრიცხვა ყველა სავარაუდო სამხედრო დანაშაულისა, რომლებიც ჩადენილ იქნა უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ.
"საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მოითხოვოს დოკუმენტაცია", რათა ერთ დღესაც შეძლოს ომის დანაშაულების დამტკიცება, დასძინა ბაჩელეტმა 25 აგვისტოს გამოსვლაში, რომელიც მიეძღვნა მისი, როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ვადის ამოწურვას.
უკრაინამ დაადანაშაულა რუსული ძალები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეში ქალაქებში - ბუჩაში, ირპინსა და ჰოსტომელში, ომის დაწყებიდან პირველ დღეებში. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს, მიუხედავად მისი არმიის მხრიდან სასტიკი ქმედების ფართოდ გავრცელებული მტკიცებულებებისა.