ამერიკული გამოცემა WSJ-ის ცნობით, უახლოეს კვირებში თეთრი სახლი აპირებს გააერთიანოს და ერთიან მისიაში მოაქციოს აშშ-ის ყველა ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად. ამის შემდეგ ოპერაციას მიენიჭება კოდური სახელი, მისი ლიდერობა კი დაეკისრება კონკრეტულ გენერალს, რომელიც უხელმძღვანელებს უკრაინის ძალების წვრთნის ამერიკულ პროგრამას.
ოპერაციისთვის სახელის დარქმევა ბიუროკრატიული ფორმალობაა, თუმცა მას გარკვეული იურიდიული შედეგებიც მოჰყვება - ეს იქნება ვაშინგტონის მხრიდან იმ ფაქტის ფორმალური აღიარება, რომ ამერიკის არმია მონაწილეობს კონკრეტულ საომარ მოქმედებებში, მიუხედავად იმისა, რომ მისი სამხედროები უშუალოდ არ იბრძვიან მოკავშირის მხარეს და მხოლოდ მათი გაწვრთნით, იარაღის და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებით შემოიფარგლებიან, წერს BBC-ის რუსულენოვანი სამსახური, WSJ-ზე დაყრდნობით.
ამავე დროს, კონგრესი მხოლოდ დახმარების ოპერაციისთვის სახელის დარქმევის შემდეგ შეძლებს მოკავშირეებს გამოუყოს გრძელვადიანი, მიზანმიმართული დაფინანსება და ასევე გადაუვადოს საომარი შეკვეთების გადახდა.
სახელის დარქმევის კიდევ ერთი შედეგი იქნება ის, რომ ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება გაწეული სამსახურის ანაზღაურება ან წოდებების მინიჭება სამხედროებისთვის, რომლებიც მისიაში მიიღებენ მონაწილეობას.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, რუსეთ-უკრაინის ომის 6 თვის თავზე, თეთრმა სახლმა კიევს დამატებით 3 მილიარდ დოლარამდე გრძელვადიანი დახმარება აღუთქვა უსაფრთხოების სფეროში, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ყველაზე მსხვილი დახმარების პაკეტია იარაღით.
პაკეტი მოიცავს მაღალი ტექნოლოგიის ხმელეთი-ჰაერის სისტემებს, 24-მდე კონტრსაარტილერიო სისტემას, 250 000-მდე ჭურვს, დრონებს და სათადარიგო ნაწილებს, აცხადებს პენტაგონი. დახმარებაში ასევე გათვალისწინებულია უკრაინის ძალების გაწვრთნა დასავლური იარაღის გამოყენებაში.