რუსმა სამხედროებმა დღეს დილიდან განაახლეს სროლა უკრაინის ქალაქ ენერგოდარში, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. ამის შესახებ ტელეგრამ-არხით იუწყება ქალაქის მერი დმიტრო ორლოვი. მისი ინფორმაციით, დილის 5 საათიდან არ შემწყდარა ნაღმმტყორცნებით ენერგოდარის დაცხრილვა. ორლოვის თანახმად, დაზიანებულია რამდენიმე სამოქალაქო ობიექტი და არიან დაშავებულებიც, რომელთა რიცხვი ჯერ დაზუსტებული არ არის.
ენერგოდარის პრორუსული, დე ფაქტო ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ ქალაქის საცხოვრებელ რაიონებს დილიდან, არტილერიით უტევენ უკრაინელი სამხედროები. ე.წ. ადმინისტრაციის მტკიცებით, ენერგოდარის ორ რაიონში ექვსი აფეთქება მოხდა და დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი.
ენერგოდარში სროლის შესახებ სოციალურ ქსელებში წერენ ადგილობრივი მცხოვრებნიც.
დღეს ენერგოდარში უნდა ჩავიდეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია, რომელსაც სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ხელმძღვანელობს. ექსპერტებმა სადგურის მდგომარეობა უნდა შეამოწმონ.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილს, მათ შორის, ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის რაიონს 2022 წლის მარტიდან აკონტროლებენ. კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ სადგურის უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველ ქმედებებში.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია, 14 ექსპერტის შემადგენლობით, ვენიდან კიევში 30 აგვისტოს ჩავიდა, მეორე დღეს კი, ქალაქ ზაპოროჟიეში გაემგზავრა. ოლქის ოკუპირებული ნაწილის პრორუსული, ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ექსპერტებს არ მისცემდნენ სპეციალურ საშვებს ენერგოდარში შეუფერხებლად ჩასასვლელად და რიგში დგომა მოუწევდათ, რადგან თუ ეს არ სურდათ, ატომური ელექტროსადგურისკენ რუსეთის ტერიტორიიდან უნდა გამგზავრებულიყვნენ და არა კიევიდან.