Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მოხვდა და რას აკეთებს დონეცკელი პრორუსი აქტივისტი საქართველოში


დანიილ დეევი
დანიილ დეევი

დანიილ დეევი, რომელიც უკრაინაში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დანაშაულის ჩამდენთა სიაშია შეყვანილი, საქართველოში თითქმის ერთი თვეა ცხოვრობს. ამის შესახებ დეევი ინსტაგრამზე თავად წერს: 

"თითქმის ერთი თვეა, რაც საქართველოში ვცხოვრობ და აქ სრულიად შემთხვევით ჩამოვედი. მე და ჩემს გუნდს მარშრუტი თურქეთისკენ გვქონდა და გზად ქართული ბარათების [დაუზუსტებელია, რა ტიპის ბარათები იგულისხმება - რ.თ.] ასაღებად შევჩერდით…", - წერია პოსტში, რომელსაც ის 4 დღის წინ, 29 აგვისტოს აქვეყნებს.

"ნახეთ, მე რომ საქართველოში შევედი და გამოვედი, დაკითხვა არ მოუწყვიათ. ეტყობა, ასეთ რამეებს ყურადღებას არ აქცევენ. იმიტომ, რომ ამის შემდეგ ბათუმის გავლით თურქეთშიც გადავედი და იქაც ისეთივე მშვიდად გავიარე. მგონი, სადმე კანონი რომ დამერღვია, მშვიდად ვერ შევიდოდი და გამოვიდოდი", - უთხრა მან რუსულენოვან ქართულ მედია "სოვას", რომელთან მიმოწერის შემდეგ, მან ინსტაგრამზე მომხმარებლის სახელი შეცვალა.

"სოვასთან" მიმოწერიდან აგრეთვე ირკვევა, რომ დეევი საქართველოში უკრაინის პასპორტით შემოვიდა.

ტელეგრამარხზე მისი პოსტებით თუ ვიმსჯელებთ, დეევი ამჟამად კრიპტოსაქმიანობაში უნდა იყოს ჩართული. ის თავად წერს, რომ რუსეთის მოქალაქეებს რჩევებს აძლევს, ამ გზით როგორ გამოიმუშაონ მეტი ფული. სოციალური ქსელებიდან ჩანს, როგორ აქტიურობს იგი რუსეთიდან ახალი კლიენტების მოსაზიდად. ის მათ არწმუნებს, რომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის ახლა ყველაზე ხელსაყრელი სამი ქვეყანა - საქართველო, უზბეკეთი და საბერძნეთია.

უკრაინული "მშვიდობისმყოფელის" საიტზე დონეცკში დაბადებულ 22 წლის დეევზე წერია, რომ ის "ტერორისტებისა და ოკუპანტების თანამზრახველია".

ცენტრი "მშვიდობისმყოფელი", რომელიც მართავს საიტს, მეცნიერთა და ჟურნალისტთა მიერ შექმნილი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნებს შეისწავლის.

საიტზე წერია, რომ იგი რუსული ორგანიზაცია Молодая Республика-ს აქტივისტია. საიტზე მისი საწევრო ბარათიცაა გამოქვეყნებული.

უკრაინული საიტის ინფორმაციით, დეევი არ მალავდა, რომ 2014 წლდან "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" პროპაგანდისტი და მოხალისეა. უფრო ადრე, 2019 წლის ივლისში, დანიილი დონეცკში გამართულ მიტინგში მონაწილეობდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის "დონბასის არჩევანის აღიარებას სთხოვდნენ".

"ჩვენ ვიბრძვით რუსულად ლაპარაკის უფლებისთვის, ვიბრძვით იმისთვის, რომ ისტორიის გადაწერა არ მოხდეს, რათა ჩვენს ქუჩებში ნაცისტური სვასტიკებით არ დადიოდნენ", - ამბობდა დანიილ დეევი რუსეთის პირველ არხთან.

უკრაინულ საიტზე იძებნება ფოტო, სადაც ჩანს, რომ დანიილ დეევი "დონეცკის რესპუბლიკის" ხელმძღვანელს, დენის პუშილინს ხელს ართმევს. ეს ფოტო რუსულ სოციალურ ქსელ ოდნოკლასნიკზე პროფილის ფოტოდ სავარაუდოდ 4 წლის წინ აქვს ატვირთული. ამ ფოტოზე იგი 18 წლის არის.

დანიილ დეევი "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ხელმძღვანელ დენის პუშილინთან ერთად
დანიილ დეევი "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ხელმძღვანელ დენის პუშილინთან ერთად

მედიაგამოცემა "სოვამ" დეევის ინსტაგრამზე იპოვა ფოტო, სადაც მას სამხედრო ფორმა აცვია, ფოტოზე წარწერაა: "მესმის ZOV". სხვა სურათში დეევი პლაკატზე გამოსახულ უკრაინელ ჯარისკაცებს ულვაშებს ახატავს, თან მინაწერში ხუმრობს, რომ ეს ჯარისკაცები მიწას გაანაყოფიერებენ.

მას ამ დროს მკლავზე თეთრი სახვევი უკეთია. ჩვეულებრივ, ასეთ სახვევს უკრაინაში მოქმედი რუსული და პრორუსული ძალები იყენებენ.

გუშინ, 31 აგვისტოს, დანიილმა SOVA-სთან უარყო, რომ ფოტოებზე დაფიქსირებილი პირი თავადაა. მოგვიანებით მან მხოლოდ პუშილინთან გადაღებული ფოტოს აუთენტიკურობა დაადასტურა.

დანიილ დეევი არცერთ სოციალურ არხზე თავისუფლების კითხვებს არ გამოხმაურებია. დღეს, პირველ სექტემბერს მან ინსტაგრამ სთორი გამოაქვეყნა, სადაც მიანიშნებს, რომ ჩრდილოეთ ოსეთისკენ მიემგზავრება.

დეევის საქართველოში შემოსვლაზე, მის აქ ცხოვრებასა და საქმიანობაზე რადიო თავისუფლებამ ორი უწყებას - შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სთხოვა ინფორმაცია. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო უწყებების პოზიცია სტატიაში აისახება.

საქართველო რამდენჯერმე აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, როდესაც ქვეყანაში რუსეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტები და ბლოგერები არ შემოუშვა.

მაგალითად, 5 მარტს საქართველოში არ შემოუშვეს რუსული დამოუკიდებელი არხის, "დოჟდის" ჟურნალისტი.

11 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს "მედიაზონის" ჟურნალისტ დავიდ ფრენკელს.

Pussy Riot-ის წევრი ოლგა ბორისოვა საქართველოში 20 ივნისს არ შემოუშვეს.

19 ივლისს სომხეთიდან საქართველოში მომავალი რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი სადახლოს გამშვები პუნქტიდან უკან გააბრუნეს.

20 წლის ვსევოლოდ ოსიპოვმა კი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა, ჯერ საჯაროდ აღიარა, რომ "ეფესბეს" (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის) აგენტი იყო, შემდეგ კი რადიო თავისუფლებას უამბო, რა დავალება მიიღო საქართველოში ჩამოსვლის წინ.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG