არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს კვლევით, 2018-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიმღები (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 8 464 პირიდან 72% რუსეთის მოქალაქე იყო.
მათგან 8 382 ადამიანს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიანიჭეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ დიდ ნაწილს საქართველოსთან კავშირი აქვს, ან წარსულში ჰქონდა. კვლევის ავტორი გოგა თუშურაშვილი "რადიო თავისუფლებას" ეუბნება, რომ ზუსტად რამდენი პირია დაკავშირებული საქართველოსთან, ეს მაჩვენებელი სააგენტომ არ მიაწოდათ.
"საგამონაკლისო წესით მას მიენიჭება მოქალაქეობა ვიზეც არსებობს სახელმწიფო ინტერესი, გარკვეულწილად, ეს ინტერესი შეიძლება იყოს, მაგალითად, ქართველი წინაპარი, რომელიც ემიგრაციაში წავიდა", - ამბობს ის.
საგამონაკლისო წესს კანონი შემდეგნაირად განმარტავს:
IDFI კვლევაში ასევე აღნიშნავს, რომ 2022 წლის 7 თვეში საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 723 მოქალაქეს მიენიჭა, ხოლო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საგამონაკლისო წესით, რუსეთის 551-მა მოქალაქემ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.
ამას გარდა, ორგანიზაციის მოპოვებული მონაცემებით, ამ პერიოდში რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტმა, 428 უკრაინის მოქალაქემ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. მას მოსდევს 404 სომხეთის მოქალაქე და 330 ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხები დარეგულირებულია "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონით. კანონის მიხედვით, არსებობს ხუთი წესი, რომელთა მიხედვითაც უცხოელს შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით, საგამონაკლისო წესით, აღდგენის წესითა და სპეციალური წესით.
საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველების განცხადებებს განიხილავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. დადებით რეკომენდაციებს სააგენტო საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.