უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც რუსეთის ჯარების ხელშია, გამუდმებული სროლის გამო 3 სექტემბერს კვლავ გათიშეს ელექტროენერგიიდან. როგორც რუსეთის მიერ დანიშნული ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, სროლის შედეგად განადგურდა საკვანძო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ხაზი, სროლამ გადაინაცვლა აეს-ის ტერიტორიის სიღრმეში.
ეს განცხადებები, რომელთა სისწორის შემოწმება არ ხერხდება, გავრცელდა მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ჯგუფმა უსაფრთხოების სიტუაციის შესასწავლად მოინახულა ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური.
IAEA-ს მისია მოწოდებულია, დახმარება გაწიოს ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მაშინ, როცა მოსკოვი და კიევი კვლავაც ადანაშაულებენ ერთმანეთს აეს-ის მისამართით და მის გარშემო ცეცხლის გახსნაში.
3 სექტემბერს გამოქვეყნებულ ყოველდღიურ ბრიფინგში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა წუხელ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდება სცადეს მიუხედავად იმისა, რომ იქ IAEA-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
დაწერეთ კომენტარი