საქართველოში კონფერენცია "დიდება უკრაინის" ფარგლებში ჩამოსული აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, კარა მაკდონალდი "ქართული ოცნების" დეპუტატებს, ნიკოლოზ სამხარაძესა და გიორგი ხელაშვილს პარლამენტში შეხვდა. შეხვედრაზე ინფორმაციასა და მის ფოტომასალას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა, საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს, ასევე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი, მისი გავლენა საქართველოს უსაფრთხოებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები:
"საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა სტუმარს დეტალურად გააცნეს ხელისუფლების გეგმა 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა "ღირსეული პარტნიორი 2022"-ს სწავლების მნიშვნელობას".
კარა მაკდონალდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში. იგი მონაწილეობას იღებდა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
მასში მაღალი დონის საერთაშორისო სტუმრები, დიპლომატები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკის კომენტატორები იღებდნენ მონაწილეობას.
ამ ღონისძიებას გაემიჯნა მმართველი პარტია "ქართული ოცნება". პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიწვეული იყო კონფერენციის ერთ-ერთ სპიკერად, რაზეც გასულ კვირაში თქვა უარი.
პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან თავისი გადაწყვეტილება, არ მიეღო მონაწილეობა მაღალი რანგის საერთაშორისო კონფერენციაში, ახსნა, როგორც მცდელობა პოლარიზაციის შესამცირებლად. მისი თქმით, კონფერენციაში მონაწილეობენ რადიკალური ჯგუფები რადიკალური დღის წესრიგით და მისი მათთან ერთად ყოფნა რადიკალიზაციის წახალისება იქნებოდა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონფერენციის მონაწილეები პოლარიზაციის გაღვივებაში დაადანაშაულა.