Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფიბა სუსტი ორგანიზაციაა“ - თურქები სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავენ


თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, ჯგუფის მასპინძელ საქართველოსთან დამარცხდა ანგარიშით 83:88.
თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, ჯგუფის მასპინძელ საქართველოსთან დამარცხდა ანგარიშით 83:88.

თურქეთის კალათბურთის ფედერაცია საქართველოს ნაკრებთან მატჩში დაფიქსირებული ტექნიკური შეცდომის გამო სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს. თურქები აღშფოთებული არიან კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) გადაწყვეტილებით, რომელმაც არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა, გაუქმებულიყო მატჩის შედეგი, ან ბოლო წუთები თავიდან გადათამაშებულიყო.

საქართველოსა და თურქეთის თამაში ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე, მესამე ტურში გაიმართა, 4 სექტემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში და ოროვერტაიმიან შეხვედრაში საქართველომ გაიმარჯვა (88:83). შეხვედრისას იყო ეპიზოდი, როდესაც ქართველ და თურქ კალათბურთელებს შორის სიტუაციის დაძაბვის გამო, პაუზისას, წამმზომი ოცდაორი წამის განმავლობაში ჩართული დარჩა. ეს ტექნიკური შეცდომა მოგვიანებით კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამაც დაადასტურა, მაგრამ თურქების სარჩელის დაკმაყოფილებისგან თავი შეიკავა. ფიბას აზრით, მართლაც დაიკარგა დრო, მაგრამ ის ორივე გუნდმა ერთნაირად დაკარგა და ნაკლებად დამაჯერებელი არგუმენტია, რომ ამ შეცდომამ საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა.

„კატეგორიულად არ ვეთანხმებით ფიბას გადაწყვეტილებას. როცა ამბობენ, რომ ოცდაორმა წამმა გავლენა არ იქონია თამაშის შედეგზე. ერთ და ორ წამზე ხომ არ ვლაპარაკობთ. საუბარია ოცდაორ წამზე. თან მატჩში, რომელიც ოვერტაიმში გადავიდა", - ამბობს თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვეტერანი კალათბურთელი ჰედო თურქოღლუ. - "ველაპარაკე ჩემს მეგობრებს მთელ მსოფლიოში და ყველა ერთ აზრზეა. ფიბას პასუხი არის ევროპული კალათბურთის სირცხვილი. როგორც ყოფილი სპორტსმენი, ბოლო წამამდე ბრძოლას ვარ მიჩვეული და ბოლომდე ვიბრძოლებ ამ შემთხვევაშიც. ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ ასეთ სირცხვილებს უკვე ყოველ დღე ვხედავთ, რადგან ფიბა ძალიან სუსტი ორგანიზაციაა“.

თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ქართველ და თურქ კალათბურთელებს შორის მომხდარ ინციდენტსაც ეხმაურება და ამასაც ფიბას სირცხვილად მიიჩნევს, თუმცა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასაც აკრიტიკებს - ჩვენი მხრიდან პროვოკაციებზე საუბრობენ და გასახდელში მიმავალ დერეფანში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების ჩვენებისგან თავს იკავებენო.

საქართველოსა და თურქეთის ნაკრების კალათბურთელებს შორის კონფლიქტთან დაკავშირებით, ფიბას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. სავარაუდოდ, ამ საკითხზე მუშაობს, რადგან სარჩელი ორივე ქვეყნის კალათბურთის ფედერაციისგან მიიღო. თურქები ამბობენ, რომ მათ მოთამაშეს ფურკან კორკმაზს გასახდელისკენ მიმავალ დერეფანში ქართველი კალათბურთელები და სამართალდამცავები დაესხნენ თავს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ფედერაციისთვის მიწოდებული წერილის თანახმად კი, ეს ცილისწამებაა და რეალურად, სიტუაცია თურქეთის ნაკრების მწვრთნელის პროვოკაციულმა განცხადებებმა და საქციელმა დაძაბა.

XS
SM
MD
LG