Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალტიის ქვეყნები შეთანხმდნენ, საზღვარზე არ გაატარონ რუსეთის მოქალაქეები


ბალტიის ქვეყნები შეთანხმდნენ, საზღვარზე არ გაატარონ რუსეთის მოქალაქეები იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათ შენგენის ვიზები აქვთ. გამონაკლისებს დაუშვებენ სატვირთო ავტომანქანების მძღოლების, დიპლომატებისა და იმათთვის, ვინც ოჯახური და ჰუმანიტარული მიზეზებით მოგზაურობს. ამის შესახებ ტვიტერში დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა.

შეზღუდვას დააწესებენ რუსეთის მოსაზღვრე ლატვია, ესტონეთი და ლიეტუვა და ის რუსეთის გარდა ბელარუსის მოქალაქეებსაც შეეხება. როგორ გაფორმდება ის, არ იტყობინებიან. ეს ქვეყნები შენგენის ზონაში შედიან და ვალდებული არიან, გაატარონ შენგენის ვიზების მქონეები. ადრე ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა მოამზადეს განცხადება, რომელშიც რუსი ტურისტების მიერ მათი საზღვრების გადაკვეთას უწოდეს „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მუქარა“.

ადრე რუსეთის მოსაზღვრე ევროპული ქვეყნები მოითხოვდნენ რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემაზე აკრძალვის შემოღებას, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. მაგრამ ევროკავშირის მინისტრთა შეხვედრაზე ამ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, მის წინააღმდეგ გამოვიდნენ დასავლეთ ევროპის წარმომადგენლები, მათ შორის გერმანია, საბერძნეთი, კვიპროსი, პორტუგალია და საფრანგეთი.

ამის ნაცვლად ევროკავშირი შეთანხმდა, გააუქმოს რუსეთთან შეთანხმება გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ. ამან შესაძლოა გაართულოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა, გარდა ამისა ვიზები ორჯერ უფრო გაძვირდება.

XS
SM
MD
LG