Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში წითელი ჯვრის მექანიზმის შეხვედრა გაიმართა


ერგნეთი. შეხვედრა წითელი ჯვრის მექანიზმის ფარგლებში.
ერგნეთი. შეხვედრა წითელი ჯვრის მექანიზმის ფარგლებში.

დღეს, 9 სექტემბერს, ერგნეთში გაიმართა 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მათ შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის მე-17 შეხვედრა. საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC), როგორც ნეიტრალური შუამავლის, ეგიდითა და ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა. ამ ჰუმანიტარული პლატფორმის საშუალებით, რომლის ფარგლებშიც ერთად იკრიბებიან ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეები, ხდება ინფორმაციის გაზიარება. შეხვედრისას განხილული საკითხები მოიცავდა საკოორდინაციო მექანიზმის ბოლო, 2021 წლის სექტემბრის შეხვედრის შემდეგ განხორციელებულ საქმიანობას და სამომავლო ძალისხმევას ამ კონფლიქტებთან დაკავშირებით გაუჩინარებული 122 პირის ხვედრის გასარკვევად.

ამ შეხვედრამდე წითელი ჯვრის ინიციატივით ცხინვალის ე.წ მოსაზღვრე სოფლებში, ანონიმური წერილებისთვის სპეციალური ყუთები განთავსდა. უგზო-უკვლოდ დაკარგულების ნათესავები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ამ გზით შესაძლოა დაკარგულების შესახებ ანონიმური ინფორმაცია მიიღონ. ოსური მხარე იმავე მეთოდის გამოყენებას ქართულ მხარესაც ურჩევს და სთხოვს, რომ ანონიმური წერილების სპეციალური ყუთები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე განათავსოს.

„ამ დიალოგის გარდა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს სურს, რომ მხარეები უფრო დიდი ძალისხმევით ჩაერთონ მოძიებისა და ამოცნობის, ასევე, ოჯახების მხარდაჭერის პროცესში, რათა ის უფრო ეფექტური და მდგრადი გახდეს", - ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში, 1990 იანი წლების კონფლიქტის და 2008 წლის ომის შემდეგ უგზო -უკვლოდ დაკარგულად 2300 პირი ითვლება. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკოორდინაციო მექანიზმის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია გაუჩინარებულთა სამარხების აღმოჩენა, მათი იდენტიფიკაცია და ნეშტების ოჯახებისთვის გადაცემაა.

XS
SM
MD
LG