კრემლში კომენტარი გაუკეთეს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებებს, რომ ის გეგმავს "მიმართოს ქვეყნის ხელმძღვანელობას" იმ ჩავარდნების გამო, რომლებსაც რუსეთის არმია უკრაინასთან ომში განიცდის.
"ისინი ხშირად მოგვმართავენ სხვადასხვა საკითხზე. ჯერჯერობით გრაფიკში არ არის რაიმე სახის კავშირი", - თქვა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ამ თემაზე ჟურნალისტების პასუხად. მის სიტყვებს ავრცელებს სახელმწიფო სააგენტო "რია-ნოვოსტი".
კადიროვმა 10 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მოითხოვა სტრატეგიის შეცვლა, მას მერე, რაც ხარკოვის რეგიონში უკრაინის არმიამ ოკუპირებული ქალაქები გაათავისუფლა.
კადიროვის თქმით, რუსეთის სარდლობამ "შეცდომები დაუშვა". კადიროვი ასევე გამოვიდა მუქარით, რომ თუკი უახლოეს დღეებში საომარი მოქმედებების წარმართვის სტრატეგია არ შეიცვლება, ის "იძულებული იქნება მიმართოს ქვეყნის და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს" ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ "აიხსნას სიტუაცია, რომელიც იქ რეალურად ხდება".
7 სექტემბერს რამზან კადიროვი გამოვიდა განცხადებებით რუსეთის გვარდიის ორი ჩეჩნური ქვედანაყოფის, პოლკ "სევერის" და ბატალიონ "იუგის" მეომრების გაგზავნაზე უკრაინის ომში მონაწილეობისთვის.
ჩეჩნეთში დისლოცირებული რუსეთის გვარდიის ქვედანაყოფები ფორმალურად ფედერალური სტრუქტურის ნაწილია, მაგრამ ფაქტობრივად ისინი პირადად რამზან კადიროვს ემორჩილებიან. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, პოლკ "სევერის" წევრებს კავშირი ჰქონდათ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვასთან ქალაქებში ბუჩა, ირპინი და გოსტომელი.