Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოსო გოგაშვილის თქმით, საქართველოს ელჩებად "აგენტების ბაზაში" მყოფი ადამიანები ჰყავს


სოსო გოგაშვილი
სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი, რომელიც ახლა დაკავებულია, ამბობს, რომ საქართველოს ორ ქვეყანაში "აგენტების ბაზაში" აღმოჩენილი ადამიანები ჰყავს ელჩებად დანიშნული. სოსო გოგაშვილი აღნიშნავს, რომ მათ შესახებ ინფორმაცია მათი დანიშვნის დროს მიაწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს. ის ელჩების ვინაობას არ ასახელებს.

"გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ორი მათგანი ირიცხება აგენტურულ ბაზაში (სუკი), შესაბამისად მე გადავეცი დავალება შეეჩერებინათ მათი დანიშვა, დანარჩენების სია კი გადავაგზავნე საგარეო საქმეთა სამინისტროში. დაბლოკილმა კანდიდატებმა გაჭიანურების შემდეგ მოიკითხეს საგარეო საქმეთა სამინისტროში თუ რა ხდებოდა, სადაც უთხრეს, რომ გოგაშვილმა დაბლოკა ისინი. მათ ბუნებრივია შეაწუხეს თავის "პატრონი", რომელმაც დიდი აჟიოტაჟი ატეხა, დაურეკა [ბიძინა] ივანიშვილსა [მმართველი პარტიის დამფუძნებელს] და [გიორგი] კვირიკაშვილს [მაშინდელ პრემიერ-მინისტრს].

დამიბარა ჩემმა უფროსმა, გომელაურმა [სუსის მაშინდელმა ხელმძღვანელმა] და მომთხოვა თუ რა მიზეზით მყავდა დაბლოკილი ელჩობის კანდიდატები. "შეფმა ცალკე დამირეკა და კვირიკაშვილმა ცალკე ამ საქმეზეო" - თქვა გომელაურმა... მან მითხრა, რომ ცნობა დამეხია და ორივეზე გამეშვა თანხმობა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რაც მე შესაბამისად შევასრულე", - წერია სოსო გოგაშვილის სახელით გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში.

რადიო თავისუფლება ამ თემაზე ცდილობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან კომენტარის მიღებას. ამ საკითხზე მედიასთან ისაუბრა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა.

"არანაირი სარწმუნოება ამ ადამიანს ჩემთვის არ გააჩნია, მთელი რიგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ეს თქვენთვისაც ცხადი უნდა იყოს, რომ მისი საუბრის სარწმუნოება ვერაფრით ვერ იქნება ახსნილი და არავითარი სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია... ჩვენ ყველანი ვხვდებით, რომ ამ ადამიანის საუბარი არის ნიადაგის შემზადება შესაბამისი ინტერესების მქონე პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც ცდილობენ რადიკალიზაციას", - თქვა მან.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

გოგაშვილმა დაკავებამდე "ფეისბუკზე" დაწერა, რომ ფლობდა ინფორმაციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მისი სახელით "ფეისბუკზე" ასევე დაიწერა არაერთი ბრალდება მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლის მოადგილედაც ის მუშაობდა. გოგაშვილმა ერთ-ერთ განცხადებაში ისიც თქვა, რომ უწყებიდან წამოსვლა, მტკიცებულებების მოგროვება და მხილება არჩია.

XS
SM
MD
LG