გერმანიის ფედერაციის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სიამოვნებით დაეხმარება. ასე ეხმაურება იგი ტვიტერზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას.
"ბატონო პრემიერო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბერლინში! ევროპულ საბჭოში ამ ზაფხულს შევთანხმდით საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნაზე. მოვუწოდებ საქართველოს საჭირო რეფორმებთან დაკავშირებული ნაბიჯების გადადგმისკენ. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ დახმარებას", - წერია ტვიტში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში 13 სექტემბერს ჩავიდა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი საქართველოში მოიწვია.
ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ მიიღო 23 ივნისს.
საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ. თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.