Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იძულებითი პასპორტიზაცია“ - როგორ იძიებს უკრაინა კოლაბორაციის შემთხვევებს


უკრაინის ტერიტორიული პუნქტების ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლება გეგმავს მოსახლეობის „ფილტრაცია“ ჩაატაროს და კოლაბორანტები გამოავლინოს, ისინი, ვინც რუს სამხედროებს ეხმარებოდნენ.

ცნობილია, რომ ნაწილი უკრაინელი მასწავლებლებისა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ, „გადაკვალიფიცირდნენ“. რა ელით მასწავლებლებს, რომლებიც ოკუპანტ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეთერში ამ თემაზე უკრაინის გენპროკურორის ყოფილმა მოადგილემ გიუნდუზ მამედოვმა ისაუბრა.

- ფიქრობთ, რუსული ატესტატების გაცემით უკრაინელმა მასწავლებლებმა რამე დააშავეს?

- კი. თუ რუსული პროგრამით ასწავლიდნენ ან რამე პროპაგანდას ეწეოდნენ სკოლებში - ეს კოლაბორაციაა. დაკავების შემთხვევაში, თუკი ასეთი ადამიანი იძულებით მოქმედებდა, ის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.

- რაც შეეხება ხარკოვის ოლქში გათავისუფლებულ ტერიტორიებს. რა ბედი ეწიათ იმ ადამიანებს, რომლებსაც რუსული პასპორტის მიღება უხაროდათ. ყველანი რუსეთში წავიდნენ თუ ახლა მალავენ ამ პასპორტებს და უკრაინის ჯარს ეგებებიან სიხარულით?

- იძულებით რუსული პასპორტების დარიგება ჩვენი მუდმივი თემაა. სიტყვა „იძულებით“ აქ დიდ როლს თამაშობს. ვინც იძულებით მიიღო რუსული პასპორტი, ისევე როგორც ეს მოხდა 2014-2016 წლებში ყირიმში, ან დონბასში, ისინი უფრო მსხვერპლნი არიან. ეს შეიძლება შეფასდეს მათ მიმართ ჩადენილ სამხედრო დანაშაულად.

- მაგრამ როგორ დაამტკიცებთ, რომ იძულებით აიღეს?

- ის პოლიტიკა, რომელიც ყირიმსა და დონბასში გაატარეს, ამაზე მეტყველებს. ყირიმზე ცალკე შემიძლია მოვყვე. როდესაც აუტანელი პირობები იქმნება და რუსეთის მოქალაქეობის გარეშე ვერც სოციალურ დახმარებას იღებ, ვერც კომუნალურ გადასახადებს იხდი, ვერც სხვა ყოფით პრობლემებს აგვარებ... თან გამოიცემა საკანონმდებლო აქტები, რომელთა მიხედვითაც, ამ ტერიტორიაზე ყოფნაც კი შეუძლებელი ხდება. ამის გამო იღებ მოქალაქეობას. ეს არის იძულების ერთ-ერთი მაჩვენებელი.

- რამდენადაც ვიცი, ახლა უკრაინის მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, უნდა დაისაჯოს ის ხალხი, ვინც რუსული პასპორტი მიიღო.

- რა კანონიც არ უნდა მივიღოთ, ადამიანის უფლებები არ უნდა დაგვავიწყდეს.

- შესაძლებელია იმ უკრაინელების ვინაობის დადგენა, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული პასპორტები მიიღეს?

- რა თქმა უნდა, 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, არის შესაბამისი ტექნოლოგიები, ინტერნეტი და დაზვერვაც მუშაობს.

XS
SM
MD
LG