თბილისის სააპელაციო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. 20 სექტემბრის სხდომა მსჯავრდადებულის სიტყვით გაიხსნა, რომელშიც მან უკრაინაში მიმდინარე ომი, NDI-ის ბოლო კვლევის შედეგები და ზოგადი პოლიტიკური ვითარება შეაფასა.
ნიკა გვარამია გამოეხმაურა კვლევის იმ ნაწილს, რომელშიც მოსახლეობის უმრავლესობა აცხადებს, რომ პარტიები მათ ინტერესს არ გამოხატავენ.
"ოპოზიციის ტერორიზება და სტიგმატიზაცია არის არასწორი, ღრმად არასწორი საქციელი. საერთოდ, გაუგებარია, რას ისახავს მიზნად. ძირითადად, ეს ხდება კეთილი განზრახვებით. ამას არავითარი შედეგი არ მოაქვს, გარდა [ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმის გაძლიერებისა. თუ ჩვენ იმის იმედად ვაკეთებთ ამას, რომ ოპოზიცია გამოფხიზლდება და უკეთესად დაიწყებს მუშაობას, ასეთი ტიპის შეძახილებს შედეგი არ მოაქვს. ამას ძალიან დიდი წუხილით ვამბობ.
მგონია, რომ დღეს ქართულმა საზოგადოებამ განტევების ვაცად დანიშნა ოპოზიცია. თუ ვინმე სუსტია, უნდა ვაღიაროთ, რომ ესაა საზოგადოება, რომლის ნაწილია ოპოზიცია და ყველა დანარჩენი. საზოგადოება ასხივებს უღონობას, ფრუსტრაციას და გადაწყვიტა, რომ ეს პრობლემა მოიშოროს და იპოვოს ის, ვისაც ამას დააბრალებს. ეს არასწორია. თუ პრობლემები აქვს ოპოზიციას, ესეც საზოგადოების ბრალია", - თქვა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე.
NDI-ის კვლევაში, რომელიც 16 სექტემბერს გამოქვეყნდა, კითხვაზე, არსებობს თუ არა პარტია, რომელიც თქვენს ინტერესს გამოხატავს, გამოკითხულმა მოსახლეობამ ასე უპასუხა:
- დიახ - 39%;
- არა - 56%;
- არ ვიცი - 4%;
- უარი პასუხზე - 1%.
ამავე კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდების 65 პროცენტის აზრით, მათ ინტერესებს არცერთი პარტია გამოხატავს. მეტიც, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, პოლიტიკოსები და რუსეთი ქართულ საზოგადოებას ხლეჩენ.
სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით გამოვლენ. კოლეგია განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გამოტანილ განაჩენზე სააპელაციო საჩივარს - ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.
გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს.
ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.