Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო უწყება გმობს უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებას. საგარეო უწყების სახელით განცხადება ტვიტერზე გამოქვეყნდა.

"უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უკრაინის ოთხი ოლქის პრორუსულმა დე ფაქტო საარჩევნო კომისიებმა წუხელ გამოაცხადეს 5-დღიანი ე.წ. რეფერენდუმების „საბოლოო შედეგები“, რომელთა თანახმად, „ოქმების 100%-ის შეჯამებით", ზაპოროჟიეში ამ ოლქის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა 93.11%-მა, ლუგანსკში - 98.42%-მა, დონეცკში - 99.23%-მა და ხერსონში - 87.05%-მა.

რუსეთის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიების მტკიცებით, ლუგანსკში „რეფერენდუმში“ მონაწილეობა მიიღო 1 662 607-მა „ამომრჩეველმა“(94.15%), ზაპოროჟიეში 541 093-მა(85%), დონეცკში 2 131 207-მა (97.51%) და ხერსონში 571 001-მა(78.86%).

უკრაინის ოლქებში, დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნულმა დე ფაქტო ადმინისტრაციებმა ე.წ. რეფერენდუმების 23-27 სექტემბერს ჩატარების გადაწყვეტილება ერთ დღეს, 20 სექტემბერს გამოაცხადეს. ამას წინ უძღოდა უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევა ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ რაიონებზე და რუსი სამხედროებისგან მათი გათავისუფლება. კიევში განაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები არის ასიმეტრიული პასუხი უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე და ფიქცია, რომელიც არაფერს შეცვლის.

უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების გამო, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა. სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს ევროკავშირიც.

XS
SM
MD
LG