Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოხანაშვილმა სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა


ანრი ოხანაშვილი, პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატი
ანრი ოხანაშვილი, პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატი

პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც, მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფში "ფართო ჩართულობით" მომზადდა. სასამართლო რეფორმაზე მუშაობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული კრიტერიუმების ნაწილია.

ოხანაშვილის განცხადებითვე, სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ეფუძნება "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებულ 200-გვერდიან დოკუმენტს -"ქართული მართლმსაჯულების ინსტიტუციური განვითარება 2013-2021 წლებში".

"დოკუმენტი შემუშავებულია ფართო ჩართულობით როგორც პროფესიული საზოგადოების მონაწილეობით, ასევე სახალხო დამცველის ოფისის მონაწილეობით. მივიღეთ დამატებითი წინადადებები არასამთავრობო ორგანიზაციებისგან“, - თქვა ოხანაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ დოკუმენტში არ ასახეს პარტიების შეთავაზებები, როგორებიცაა, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სხვადასხვა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმის გაზრდა (ე. წ. ორმაგი 2/3) და სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევის წესის შეცვლა - სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევა ე. წ. საარჩევნო კამპანიის წარმოების გზით.

"ეს არის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო, არ ეფუძნება დამკვიდრებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და, საბოლოოდ, მართლმსაჯულების შეფერხებასა და სასამართლოში მისთვის შეუფერებელი პოლიტიკური პროცესების გაღვივებას გამოიწვევს", - თქვა ოხანაშვილმა.

მანვე დაამატა, რომ ამ სამოქმედო გეგმის შესაბამისად პირველ ნოემბრამდე წარადგენენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს.

ოხანაშვილის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმაში გაწერილია მართლმსაჯულების სფეროს გამოწვევები და სამომავლო სარეფორმო საკითხები:

  1. მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეების ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების გონივრულ ვადაში შესასრულებლად და საქმიანობის მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად.
  2. სასამართლოში საქმეთა ნაკადის შემცირება და სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება, რისთვისაც აუცილებელია დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების სათანადო განვითარება და ხელშეწყობა როგორც არბიტრაჟის, ისე მედიაციის მიმართულებით.
  3. სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესება და მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა პროფესიული განვითარების კიდევ უფრო ხელშეწყობა.
  4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების დანერგვის მექანიზმების გაუმჯობესება.
  5. მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერება.
  6. მართლმსაჯულების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების კიდევ უფრო განვითარება.
  7. საზოგადოების ინფორმირებულობისა და მასთან კომუნიკაციის გაზრდის გზით სასამართლოს მიმართ ნდობის კიდევ უფრო გაძლიერება, სასამართლოს დისკრედიტაციისკენ მიმართული დეზინფორმაციის თავიდან აცილების მექანიზმების გაუმჯობესება.
  8. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის შემდგომი გაძლიერება.
  9. სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით ელექტრონული საშუალებების გამოყენების პრაქტიკის გაფართოება.
  10. მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი სერვისების დანერგვა.
  11. შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფა, აგრეთვე ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით სათანადო გარემოს შექმნა.
  12. თარჯიმნის სერვისის გაუმჯობესება, რათა სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა ჯეროვნად იქნეს უზრუნველყოფილი.
  13. იუსტიციის უმაღლესი სკოლის გაძლიერება, რათა მან ჯეროვნად შეძლოს სათანადო რაოდენობის იუსტიციის მსმენელთა მომზადება, რაც აუცილებელია 2025 წლის 1 იანვრიდან მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ განწესების პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის.
  14. მიზანშეწონილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი ნორმების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვროს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა არჩევის პროცედურაში საბჭოს წევრობის კანდიდატის კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის ვალდებულება.
  15. მიზანშეწონილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი ნორმების გათვალისწინებით, უფრო დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა არჩევის წესთან დაკავშირებული ცალკეული საკითხებიც. კერძოდ, მიზანშეწონილია, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევის პროცესში საბჭოს წევრობის კანდიდატს მიეცეს მოსამართლეთა კონფერენციისთვის თავისი ხედვების წარდგენის შესაძლებლობა.
  16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო გარკვეული საკანონმდებლო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას. შესაბამისად, მიზანშეწონილია, სათანადო საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციასა და საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში ასახულ მიდგომებთან კანონის შესაბამისობას განაპირობებს.

ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ მიიღო 23 ივნისს. ევროკომისიის პირობებს შორისაა სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა.

საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ, თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG