Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა (არ) წუხხარ გასაკეთებელზე - რა პასუხს მიიღებს საქართველო ევროკავშირისგან?


„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის მიზეზი არა აქვს. ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან წამოსული მესიჯები კი ცალსახად ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველს არ იძლევა.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჯერჯერობით საბოლოო პოზიცია შეჯერებული არა აქვთ და მათ შორის არც უკრაინის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ „შესაძლებლობების ფანჯარა“ სწორედ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიხსნა.

მათთვის, ვინც პროცესს გულდასმით აკვირდება, თვალშისაცემია, რომ ევროკავშირის ლიდერები „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებიდან საგანგებოდ ლაპარაკობენ უკრაინასთან დაკავშირებულ ძალისხმევაზე, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, უპირატესად რეფორმების აუცილებლობას ესმება ხაზი.

  • რას ითხოვდნენ და რას ითხოვენ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოსგან?
  • რა გაკეთდა და რის გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად?

უკეთესად მომზადება

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 30 მაისს მკაფიოდ თქვა, რომ „საქართველო შესაძლოა უკეთესად მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის“, რომელიც „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებისთვის (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა) ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს.

კონფერენციაზე („ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და ზეგავლენა საქართველოზე“) სიტყვით გამოსვლისას, ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველომ „შეანელა რეფორმების ტემპი“ და აქვს პრობლემები, რომელიც „პირდაპირ უკავშირდება ევროკავშირის მთავარ ღირებულებებს“ და რომელთა დაკავშირებითაც იყო „ევროკავშირის საჯარო რეაქციები“.

ელჩი ამბობს, რომ ბოლო წლის განმავლობაში ევროკავშირს შეკითხვები გაუჩნდა მრავალ საკითხზე: არჩევნებზე; 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე; უმცირესობების უფლებებზე; ჟურნალისტების დაცულობაზე; მართლმსაჯულების მიმართ ნდობის გაზრდასა და კანონის უზენაესობაზე; ადამიანის უფლებებზე, მათ შორის - პირადი ცხოვრების უფლების შელახვით ფარული ჩაწერების პრაქტიკაზე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე.

ელჩი ჰარცელი ამბობს, რომ ამ რეფორმებსა და განვითარებაზე საქართველომ აუცილებლად უნდა იზრუნოს იმის მიუხედავად, თუ რა პასუხი იქნება ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

ყველა ამ საკითხს, რომელიც ევროკავშირის ელჩმა ჩამოთვალა, ევროკომისიის კითხვარის პოლიტიკური ნაწილი აერთიანებს და სხვადასხვა შეფასებით, მას „ყველაზე დიდი წონა აქვს“ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ამა თუ იმ ქვეყნის შეფასების შემთხვევაში.

ჩამოთვლილი პრობლემები ახალი არ არის მეთვალყურეებისთვის, რადგან, ახლო წარსულში, შენიშვნები ხშირად ისმოდა როგორც აშშ-დან, ასევე ბრიუსელიდან და სიაც თანდათან გაიზარდა, მაგალითად, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ, როცა იგივე კარლ ჰარცელი საქართველოს მიერ უკან გადადგმულ 5 ნაბიჯს ითვლიდა.
უკან გადადგმული ნაბიჯები ელჩმა ჩამოთვალა მას შემდეგ, რაც, 31 ოქტომბერს, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ, ბევრი გაფრთხილების მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი აირჩია.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკომისიას უკვე 7 ივნისს ექნება მზად დასკვნები „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების - უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიერ კითხვარებზე გაცემულ პასუხებზე დაყრდნობით და შემდეგ, ეს დოკუმენტები შარლ მიშელის ხელმძღვანელობით მოქმედ ევროკავშირის ევროპულ საბჭოში უნდა განიხილონ.

სასამართლო რეფორმა/მართლმსაჯულება

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი, რომელსაც ბრიუსელის კულუარებიდან ინფორმაციას საკუთარი წყაროები ხშირად აწვდიან, ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებული ძირითადი წუხილი სწორედ სასამართლო რეფორმას უკავშირდება.

„სასამართლო სისტემის საკითხი აწუხებს ყველას [ბრიუსელში]... მე ვიტყოდი, რომ საქართველომ დაკარგა დრო, როცა საქმე შეეხებოდა ბოლო წლების პოლიტიკურ მოვლენებს... გვახსოვს შარლ მიშელის დიდი [უშედეგო მედიაცია - რთ] ძალისხმევა შარშან... მან ხელი აიღო საქართველოზე, გულახდილად რომ ითქვას“, - ამბობს რიკარდ იოზვიაკი.

სასამართლო რეფორმისა და მართლმსაჯულების კუთხით საერთაშორისო პარტნიორები ხშირად ითხოვდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის შეჩერებას - ძირეული და ამბიციური სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე.
სწორედ ასეთ რეფორმას ითვალისწინებდა, 2021 წლის 19 აპრილს, პარტიების ნაწილს შორის ხელმოწერილი „შარლ მიშელის შეთანხმება“.
თავიდან ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხოლო 3 თვეში მას, პარტნიორების საქმის კურსში ჩაყენების გარეშე, ცალმხრივად გამოეთიშა „ქართული ოცნება“.

მოწოდება სასამართლოს რეფორმების განხორციელებისკენ, ევროკავშირის ხელმძღვანელი პირების მხრიდან ერთ-ერთ უმთავრეს მოწოდებას წარმოადგენდა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს, 17-18 მაისს.

შარლ მიშელის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ მოკლე ტექსტში ხაზგასმული იყო, რომ „დემოკრატიზაციის პროცესსა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები“ საქართველოს ახლა „ესაჭიროება ისე, როგორც არასდროს“.

ინფორმაციით, რომელიც რადიო თავისუფლებას ბრიუსელში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიაწოდეს, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გააჩინა და ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ.

ყველას, ვინც შეკითხვები დასვა და საქართველო გააკრიტიკა - „ქართული ოცნება“ - „უცხოელ ნაცებს“, „კრიმინალების მფარველებს“, „ანტიევროკავშირს“ უწოდებს და მათ შორის, და განსაკუთრებით - საქართველოს საკითხებით დაინტერესებულ ევროპარლამენტარებს.

19 მაისს, „1 არხის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიანიშნა, რომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლება ძველ პოზიციაზეა და ცვლილებებისთვის საჭირო არგუმენტებს ვერ ხედავს.

5 ივლისის მოვლენები და სხვა

2021 წლის 5 ივლისის შემდეგ, როცა ტელეარხ „ალტ-ინფოს“ ყოფილი ტელეწამყვანების და აწ უკვე კონსერვატიული პარტიის ლიდერების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, მოძალადეებმა, თბილისის ქუჩებში, უმოწყალოდ სცემეს ათობით ჟურნალისტს, ევროკავშირმა ობიექტური და დამაჯერებელი გამოძიება არაერთხელ მოითხოვა.
მოთხოვნათა შორის იყო ორგანიზატორების დასჯაც, რაც ამ დრომდე არ არის შესრულებული.

ელჩმა ჰარცელმა 30 მაისს თქვა, რომ 5 ივლისის ძალადობამ და მისმა შედეგებმა „ზეგავლენა იქონია უმცირესობების უფლებებსა და ჟურნალისტების დაცულობაზე“ და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს საკითხი იყო პრემიერ-მინისტრისთვის ბრიუსელში გადაცემული მოსაგვარებელი საკითხების ჩამონათვალშიც.

საერთაშორისო კრიტიკას „ქართული ოცნება“ არც 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ეთანხმება და მეტიც, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ევროპას საკუთარი პრობლემების დანახვისკენ მიუთითებს.

„რა აქვს მხედველობაში, როცა 5 ივლისზე ლაპარაკობს? ადამიანები არსებობენ საქართველოშიც და ევროპაშიც, რომლებიც ძალადობაზე არიან გადასული უამრავი სხვადასხვა ნიშნით, გენდერული თანასწორობა იქნება თუ ნებისმიერი სხვა უმცირესობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება.
ან რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში და სასჯელი, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მიიღოს, ეს ხდება როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში, თუკი ეს ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, მათ შორის 5 ივლისის დანაშაულს", - ასე გამოეხმაურა გია ვოლსკი კარლ ჰარცელს.

პრობლემებს და შესაბამისად - სწრაფი რეფორმების აუცილებლობას თბილისი ვერც საარჩევნო სისტემასთან მიმართებით ხედავს. ეს რეფორმაც „ამბიციური და ძირეული“ უნდა ყოფილიყო, არშესრულებული „შარლ მიშელის შეთანხმების“ თანახმად.

„რეფორმებს რაც შეეხება და საარჩევნო სისტემას, მე არ მგონია, ბევრი ევროპული განვითარებული სახელმწიფო დაიკვეხნის ისეთ ჩამოყალიბებულ საარჩევნო სისტემას, კოდექსს, როგორიც საქართველოშია. თუკი რაიმე გადახრები იყო, თავად კარლ ჰარცელის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ამ გადახრებს არ მოუხდენია ზეგავლენა არჩევნების შედეგებზე“, - ამბობს ვოლსკი.

მოლოდინები

ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის უარის თქმის არავითარი მიზეზი არა აქვს.

„ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება გამორჩეულია გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისითაც“, - თქვა კობახიძემ 30 მაისს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი შეფასებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა „იქნებოდა ზუსტად ისეთივე ალოგიკური გადაწყვეტილება, როგორიც უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა იყო“. უკრაინის ელჩის გაწვევა კი, ხელისუფლების მხრიდან, ახლო წარსულში, შეფასდა როგორც საქართველოს ომში ჩათრევის გეგმის ნაწილი, ჩაფიქრებული უკრაინის ხელისუფლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ.

რიკარდ იოზვიაკს, რომელიც მუდმივად ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს, საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი არა აქვს.

„არ ვფიქრობ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ვფიქრობ, რომ ევროკავშირი საქართველოს დაუწესებს პირობებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელი იქნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად... მე ამას ვუწოდებდი - პოტენციური კანდიდატის სტატუსს... ასეთივე შეიძლება იყოს გადაწყვეტილებები უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში“, - ამბობს იოზვიაკი, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ „სიმბოლური და ემოციური“ ფაქტორების გათვალისწინებით, „ასოცირების ტრიოდან“ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ უკრაინამ მიიღოს - შემდგომში დასაკმაყოფილებელი პირობების დათქმით.

რიკარდ იოზვიაკისთვის უკრაინის უპირატესობაზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ თავიანთ გამოსვლებში ევროკავშირის ლიდერები, ცალკე და გამოკვეთილად, ლაპარაკობენ სწორედ უკრაინაზე, ხოლო საქართველოსა და მოლდოვას მხოლოდ იშვიათად და ისიც - დასმული შეკითხვების შემდეგ მოიხსენიებენ.

ასე იყო 30 მაისსაც, როცა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ საქართველო ახსენა.

"კანდიდატის სტატუსი უკრაინისთვის, მაგრამ ასევე საქართველოსა და მოლდოვის, რჩება პრიორიტეტად. სხვა შემთხვევაში, რა არის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ამ ქვეყნების მოქალაქეებს ვუგზავნით?! მოველით ევროკომისიის შეფასებას... ვნახეთ, რომ უკრაინამ კითხვარი ელვის სისწრაფით შეავსო და სწორედ ამ ელვის სისწრაფით ველით, რომ ევროკავშირი შემდეგ ნაბიჯებს გადადგამს. ევროპარლამენტი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია", - განაცხადა მეცოლამ.

რიკარდ იოზვიაკი განმარტავს, რომ საქართველოსთან დაკავშირებული პრობლემა კომპლექსურია და ის უკავშირდება, მათ შორის - დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიმართ საქართველოს დამოკიდებულებასაც, რომელიც ბოლო პერიოდში არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში.

გეოპოლიტიკური განზომილებიდან და რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე, ანალიტიკოსები მაინც შესაძლებლად მიიჩნევენ „ასოცირების ტრიოს“ სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მაგრამ - კვლავ დათქმებისა და პირობის თანხლებით.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, თენგიზ ფხალაძე ოპტიმიზმის შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ გამოწვევებსაც ხედავს და ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საერთაშორისო პარტნიორების მითითებებზე საქართველოს არასათანადო რეაგირება მიაჩნია.

„გადაწყვეტილი ამ წუთას ჯერ არაფერია... ამიტომ ყოველი წუთი, ყოველი საათი უნდა გამოვიყენოთ როგორც ჩვენს პარტნიორებთან მუშაობისთვის, ასევე იმისთვის, რომ, თუ ხარვეზების გამოსწორებას ვერ ვასწრებთ, ვაჩვენოთ, რომ ამ გზაზე ვდგავართ... საქართველოს ყველაზე სუსტი მხარე არის ის, რომ ჩვენ პრობლემას არ ვაღიარებთ და ვამბობთ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ და ველოდებით გადაწყვეტილებას. არასწორი მიდგომაა ეს“, - გვეუბნება ფხალაძე.

მისი შეფასებით, გაცილებით მომგებიანია, „როდესაც წუხხარ იმაზე, რაც კიდევ არის გასაკეთებელი“ და ასეთ შემთხვევაში, „როცა პარტნიორიც ხედავს ამ გულწრფელობას, მისგან ხელის გამართვის სურვილიც გაცილებით მეტად იზრდება“.

31 მაისს ცნობილი გახდა, რომ 1-2 ივნისს ბრიუსელში ჩავა საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.
საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიასა და ევროპარლამენტში. ასევე, 2 ივნისს, ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მერიის ისტორიულ შენობაში, გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ბელგიის სამეფოს, ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ბრიუსელში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საკუთარ შემოქმედებას წარუდგენს გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში გამოფენა გაიმართება, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას მიეძღვნება“, - წერია საგარეო უწყების განცხადებაში.

საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკულ შეფასებებს საქართველოს ხელისუფლება ძირითადად ოპოზიციის ძალისხმევას მიაწერს. თუმცა საქართველოდან, მხარდაჭერის მოთხოვნით, ბრიუსელში არაერთი ღია წერილი გაიგზავნა და მათ შორის - ოპოზიციის მხრიდანაც.

ხელისუფლების დაპირისპირების ერთ-ერთმა მთავარმა სამიზნემ, გერმანელმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა 31 მაისს ტვიტერზე დაწერა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, ბრიუსელში ყოფნისას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსს ითხოვდნენ.

„ცნობისთვის, ბოლო კვირებში ბრიუსელში შევხვდი ორ ოპოზიციურ პარტიას საქართვლოდან - „ლელოსა“ და გახარიას „საქართველოსთვის“. ორივე მტკიცედ მოითხოვდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს [საქართველსოთვის], დემოკრატიული უკუსვლის მიუხედავად, რადგან ეს არის ისტორიული შანსი ქვეყნისთვის და აღემატება ყველა პარტიულ ხაზს“, - დაწერა ფონ კრამონმა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG