Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვის მოსაზრებით, არასრულწლოვანებამ ხელი არ უნდა შეუშალოს სამშობლოს დაცვას


რამზან კადიროვი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური
რამზან კადიროვი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი ტელეგრამის არხით ავრცელებს რუსეთის გმირის, რუსეთის შემადგენლობაში ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ახმატ-ჰაჯი კადიროვის არასრულწლოვანი შვილიშვილების საველე, საბრძოლო მომზადების ამსახველ ვიდეოს და წერს, რომ მათი სამხედრო მომზადება დიდი ხნის წინ დაიწყო, „თითქმის მცირე ასაკიდან“. კადიროვის თანახმად, „არასრულწლოვანებამ ხელი არ უნდა შეუშალოს სამშობლოს დამცველთა სწავლებას“.

„რუსეთის შეიარაღებული ძალების ბაზაზე მათ სხვადასხვა იარაღთან მოპყრობას, ნებისმიერ დისტანციაზე მათ გამოყენებას და თეორიულ საფუძვლებს ასწავლიან. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ნებისმიერი მამის მთავარი მიზანი ღვთისმოშიშობის, ოჯახის და სამშობლოს დაცვის ჩანერგვაა. გინდა მშვიდობა - ემზადე ომისთვის. ახმატი, ელი და ადამი მზად არიან თავიანთი უნარები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში გამოიყენონ. არ ვხუმრობ. დროა, გამოიჩინონ თავი ნამდვილ ბრძოლაში და ეს მათი სურვილია, მე მხოლოდ მივესალმები. მალე ისინი ფრონტის ხაზზე გადავლენ და შეხების ხაზის ურთულეს მონაკვეთებზე იქნებიან“, - წერს კადიროვი. ის იმ ოპონენტებს მიმართავს, რომლებიც, მისი თქმით, ირწმუნებიან, რომ კადიროვი ნათესავებს ომში არ გზავნის.

„უახლოეს მომავალში გექნებათ საშუალება ბიჭებთან ერთად დაიკავოთ პოზიციები და თავად დარწმუნდეთ. დაამტკიცეთ, რომ ცოტათი მაინც ხართ კაცები“, - წერს კადიროვი.

მანამდე რამზან კადიროვმა თქვა, რომ რესპუბლიკაში მობილიზაცია არ იქნება. უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ოპერატიული შტაბის თათბირზე მან მაშინ მიზეზად ის დაასახელა, რომ ჩეჩნეთმა „გეგმა გადაჭარბებით შეასრულა“.

მისივე განცხადებით, უკრაინაში გაგზავნეს იმ ქალების ნათესავები, რომლებმაც გროზნოში ანტისაომარი მიტინგის გამართვა სცადეს.

გროზნოში ქალების აქცია 21 სექტემბერს გაიმართა, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ჩეჩენი უფლებადამცველის, იბრაჰიმ იანგულბაევის ინფორმაციით, მიტინგის მსვლელობისას 130 ქალი დააკავეს, მათი ოჯახების წევრ კაცებს კი, იძულებით მოაწერინეს ხელი დოკუმენტებზე, რომ უკრაინაში მოხალისეებად მიდიან.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია, რომელიც თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

XS
SM
MD
LG