Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი ზელენსკის დამატებით 625 მლნ დოლარის დახმარებას დაჰპირდა


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 4 ოქტომბერს გამართულ სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ შეერთებული შტატები კიევს უსაფრთხოების სფეროში 625 მილიონი დოლარის მოცულობის ახალ დახმარებას გამოუყოფს, იტყობინება თეთრი სახლი.

დახმარებაში შევა მეტი მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS), ჭურვები და დაჯავშნილი მანქანები, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ბაიდენმა „პირობა დადო, განაგრძოს უკრაინის დახმარება, რომელიც თავს იცავს რუსეთის აგრესიისგან, იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, - აცხადებს თეთრი სახლი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები მზადაა „სერიოზული საფასური დააკისროს ნებისმიერ პირს, ორგანიზაციას ან ქვეყანას, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მიერ [უკრაინის ტერიტორიების] ანექსიას“.

მანამდე ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კიევსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის მოლაპარაკებები „შეუძლებელია“. ბრძანებულებით განხორციელდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება და ფორმალიზება მოხდა პრეზიდენტ ზელენსკის კომენტარებისა მას შემდეგ, რაც პუტინმა მოსკოვის მიერ ოკუპირებული უკრაინის ოთხი რეგიონი რუსეთის ნაწილად გამოაცხადა.

30 სექტემბერს ზელენსკიმ თქვა, რომ „პუტინმა არ იცის, რა არის ღირსება და პატიოსნება. ამიტომ ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ რუსეთის სხვა პრეზიდენტთან.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG