Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ვაკის პარკში 13 წლის მოზარდის დაღუპვის საქმეზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 ოქტომბერს


ვაკის პარკში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია

ორი დაშავებული ბავშვი და ერთიც გარდაცვლილი - ასე დასრულდა სკოლის მოსწავლეების გასეირნება ვაკის პარკში, სადაც მათ შადრევანში შესვლისას დენმა დაარტყა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაკის პარკში განახლების სამუშაოები მიმდინარეობს, აღნიშნული შადრევანი კი ინციდენტამდე ერთი დღით ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ მოინახულა. სარეაბილიტაციო სამუშაოები „გრინსერვის+“-ის მიერ იყო ჩატარებული.

კალაძე გუშინ საღამოს „ნიუ ჰოსპიტალში“ მივიდა, სადაც მძიმედ დაშავებული ბავშვი იმყოფება. მან მიუსამძიმრა გარდაცვლილი მოსწავლის ოჯახს და დაამატა, რომ თუ მომხდარში ისიც დამნაშავეა, მზად არის კანონის წინაშე აგოს პასუხი.

გუშინ საღამოს ათეულობით მოქალაქე მერიასთან და პარლამენტთან სწორედ მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოთხოვნით შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე. ისინი კახა კალაძის გადადგომას მოითხოვდნენ.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

აქამდეც მოვედით? - რატომ ეჭვობს წალენჯიხის მერი, რომ მანქანა პოლიტიკური საქმიანობის გამო დაუწვეს?

ამ დრომდე არაფერია ცნობილი, როგორ აალდა 12 ოქტომბერს ღამით წალენჯიხის მერის პირადი ავტომობილი. გია ხარჩილავა მომხდარს თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ ავტომობილი დაწვეს.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ეკა ქევანიშვილმა ერთადერთ ოპოზიციონერ მერთან საქართველოში ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ის საუბრობს თავის ეჭვებსა და ვერსიებზე.

ავტომობილი, რომელიც, ფაქტობრივად, გადასაგდებია, ექსპერტიზაზე გადაიტანეს. თუმცა ადგილზე შეამჩნიეს, რომ მანქანამდე მიდიოდა საწვავის ნამწვის ზოლი. წალენჯიხის მერი ვარაუდობს, რომ რაკი იმ ადგილას აღმართია და საწვავი თავისით ზემოთ ვერ წავიდოდა, ის ზემოთ დაასხეს და მანქანამდე ჩავიდა. ცეცხლის ალი, შესაძლოა, სწორედ ამ ზოლს გაჰყვა იმ ადგილამდე, სადაც ხანძარი გაჩნდა კიდეც.

სავარაუდო მიზეზებთან დაკავშირებით კი წალენჯიხის მერს ასეთი ვერსია აქვს:

„ამასწინათ, მე გავაკეთე წალენჯიხის ადმინისტრაციული რესურსების პრეზენტაცია. ვთქვი, რამდენი გაბერილი შტატი არსებობდა მერიაში, ამაზე ხმამაღლა ვთქვით, რა რაოდენობის თანხა იხარჯება, როგორ ჰყავთ დასაქმებული პარტიული ნომენკლატურა და მოვითხოვე, მთელი საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან გასაჯაროვდეს ეს მონაცემები. ეს პროცესი რომ მართლა დაიწყოს, „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მტკივნეული იქნება, რადგან გამოაშკარავდება რაზე დგას საარჩევნო ხმები. გამოჩნდება, რომ დღეს ბიუჯეტი პარტიულ სალაროდაა ქცეული...შესაძლოა, მომხდარი ამასაც უკავშირდებოდეს და რამე გზავნილს შეიცავდეს“.

წაიკითხე მეტი.

„დაგვიანებულმა რეაგირებამ გამოიწვია..." - ადამიანის უფლებათა ცენტრი სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, სხვადასხვა ეტაპზე, დაგვიანებულმა რეაგირებამ განაპირობა - ასეთია ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალი დასკვნა. ანალიტიკურ დოკუმენტში საუბარია ჯანმრთელობის იმ პრობლემებზე, რომლებზეც პატიმარი ექსპრეზიდენტის ადვოკატები თუ მხარდამჭერები გამუდმებით ლაპარაკობდნენ. აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია მისთვის სასჯელის გადავადების რეკომენდაციას იძლევა.

კიდე ერთი, ამერიკელი ექიმების საექსპერტო დასკვნის მოლოდინში, გამწვავდა დაპირისპირება კლინიკა „ვივამედთან“, სადაც პატიმარი ამჟამად იმყოფება. მესამე პრეზიდენტის ოჯახი და მომხრეები აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა სულ უფრო უარესდება, ხოლო კლინიკის ცნობით, პაციენტი, ამ ეტაპზე, მხოლოდ რეაბილიტაციას საჭიროებს.

კლინიკის დირექტორმა ნინო ნადირაძემ „იმედის“ ეთერში თქვა, რომ „ვივამედის“ თანამშრომლებს კოლოსალური ზეწოლის ქვეშ უწევთ მუშაობა. კლინიკის დირექტორმა იქვე აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის თავისუფალ გარემოში მკურნალობა მართლაც უფრო შედეგიანი იქნებოდა.

რა პროცედურებია საჭირო სააკაშვილის სასჯელის გადავადებისთვის და რა როლს ითამაშებს ამ პროცესში უცხოელი ექსპერტების დასკვნა? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ვლადიმირ ყარა-მურზას და მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შემდგომი აგრესიის შესახებ, რომელშიც ევროპელი დეპუტატები მოუწოდებენ რუსეთის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ ყარა-მურზა.

რეკომენდაციის იმავე პარაგრაფში ხაზგასმულია ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც.

"ასამბლეა ასევე გამოდის მოწოდებით, რომ პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტპატიმრების საქმეები გადაიხედოს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში და მოხდეს მათი (მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის) გათავისუფლება", - ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც ორგანიზაციის საიტზეა გამოქვეყნებული.

წაიკითხე მეტი.

სომხეთში გამოძიება დაიწყო ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა 8 ოქტომბერს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ადრე აცხადებდნენ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველი სატვირთო მანქანა სომხეთში უცხოეთიდან შევიდა და იქიდან საქართველოს გავლით რუსეთში გაემგზავრა.

სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღიძრა საერთაშორისო ტერორიზმში დახმარების, ასევე წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოების საზღვარზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კონტრაბანდისა და დოკუმენტების გაყალბების სავარაუდო ფაქტებზე.

წაიკითხე მეტი.

ტატულიანი, იგივე "რობსონი", მირელი, იგივე მირელაშვილი და საპასპორტო აურზაური აფხაზეთში

„აფხაზეთის სახალხო მოძრაობა“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურას მიმართავს მოთხოვნით, შეისწავლოს 2020-2022 წლებში გაცემული დაახლოებით 6693 პასპორტის კანონიერება. მოძრაობის ლიდერმა ადგურ არძინბამ რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზას“ დაუსახელა კონკრეტული ადამიანებიც, რომლებისთვისაც მოქალაქეობის მინიჭება, სულ ცოტა, ეჭვს იწვევს. პროკურატურისთვის გადაცემულ სიაში მითითებულია პასპორტის მფლობელთა ეროვნებები.

„აფხაზეთის მოქალაქეობა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის განუყოფელი ატრიბუტია, - ამბობს ადგურ არძინბა, - ეს წერია მოქალაქეობის შესახებ კანონში, რომლის სპეციალური მე-14 მუხლი განსაზღვრავს კონკრეტულ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც ადამიანები იღებენ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობას. აქედან გამომდინარე, გვინდა, პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს აფხაზეთის მოქალაქის პასპორტების გაცემის პროცესს უკანასკნელი ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. გავაგზავნეთ პირთა სრული სია, კონკრეტული რიცხვების მითითებით, რათა პროკურატურამ გაარკვიოს, აკმაყოფილებს თუ არა ყველა ეს პირი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონს“.

42 წლის ადგურ არძინბა 2015-2020 წლებში იყო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 2020 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში.

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG