ჩეხეთის ქალაქ ლიტომერიცეში უცნობებმა საბჭოთა, წითელი არმიის დაცემული ჯარისკაცის ძეგლის კვარცხლბეკი მოხატეს და იგი სარეცხ მანქანას დაამსგავსეს, ხოლო ქანდაკებას წითელი საღებავი შეასხეს.
სამშაბათს სოციალურ ქსელებში გამოჩნდა შესაბამისი ფოტოები, რომლებსაც აქტიურად აზიარებდა ადგილობრივი მოსახლეობაც.
წითელარმიელის ძეგლი ლიტომერიცეში, ირასკოვის ცენტრალურ პარკში, დაიდგა 1975 წელს და იგი ეძღვნება ყველა საბჭოთა ჯარისკაცის ხსოვნას, რომლებმაც ჩეხოსლოვაკიის ნაცისტებისგან განთავისუფლებას შესწირეს თავი.
ქალაქის ხელისუფლების განცხადებით, ისინი საღებავს გაწმენდენ და ძეგლს გაუკეთებენ სპეციალურ აბრას, რომელზეც ახსნილი იქნება ქანდაკების ისტორიული დეტალები. ჩეხური გამოცემა Novinky.cz აღნიშნავს, რომ კრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, ბოლო თვეების განმავლობაში ჩეხეთში საბჭოთა ქანდაკებების დაზიანების სხვა შემთხვევებსაც ჰქონდა ადგილი.
უფრო ადრე, 2020 წელს, პრაღის მეექვსე რაიონის მესვეურებმა აიღეს საბჭოთა მარშალ ივან კონევის ძეგლი, რომელიც 1980 წელს იყო აღმართული. მანამდე მარშლის ძეგლს არაერთხელ შეასხეს საღებავი.