რუსეთმა 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ არ სრულდება მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შავი ზღვის შეთანხმების პირობები. შეთანხმება, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს რუსეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და სასუქის ექსპორტის შემსუბუქებას.
მოსკოვი აცხადებს, რომ შეთანხმების ვადის გაგრძელებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ დასავლეთმა არ გადადგა საკმარისი ნაბიჯები რუსეთისთვის ლოგისტიკის, გადასახადების და დაზღვევის სფეროებში სანქციების შერბილების მიზნით, რათა რუსეთს ექსპორტი გაადვილებოდა
ივლისში 120 დღით დადებულ შეთანხმებას ვადა ეწურება ნოემბრის მეორე ნახევარში.
ზაფხულში გაეროს და თურქეთის შუამავლობით შედგა შეთანხმება, რომ უკრაინა გააგრძელებდა შავი ზღვის ნავსადგურებიდან თავისი მარცვლეულის გატანას და ამავე შეთანხმებით ისარგებლებდა რუსეთიც, რომელიც, მარცვლეულთან ერთად, საზღვარგარეთ სასუქის გატანასაც შეძლებდა.