Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რელიგიათა საბჭოსა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრი ორგანიზაციები ომბუდსმენის არჩევის პროცესს ეხმაურებიან


სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოსა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრი ორგანიზაციები ომბუდსმენის არჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

რელიგიათა საბჭოსა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ სახალხო დამცველს უნდა გამოარჩევდეს ადამიანის უფლებების დაცვის ხანგრძლივი გამოცდილება, რომელიც "საჯარო და თვალსაჩინოა".

  • "სახალხო დამცველის კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაღალი კომპეტენცია და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობისადმი ღრმა რწმენა;
  • სახალხო დამცველი უნდა იყოს თითოეული ადამიანის უფლებათა მტკიცე ქომაგი, მიუხედავად იმისა, რომელ ჯგუფს შეიძლება მიეკუთვნებოდეს იგი - უმრავლესობასა თუ უმცირესობას;
  • ადამიანის უფლებების დაცვის ასპარეზზე სახალხო დამცველი უნდა ხასიათდებოდეს პრინციპულობითა და შეუვალობით;
  • ის არ უნდა ერიდებოდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც, შესაძლოა, ხელისუფლების, უმრავლესობის, ან რომელიმე დაინტერესებული ჯგუფის მიერ არ იქნება მოწონებული და გაზიარებული;
  • სახალხო დამცველი უნდა ხელმძღვანელობდეს კანონის უზენაესობით, კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებით და სხვა უფლებებთან ერთად, განუხრელად იცავდეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს, იბრძოდეს დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ;
  • შერჩეული პიროვნება თავის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში აუცილებელია, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური გავლენისა და მიკერძოებისგან, მისი ამ თანამდებობაზე საქმიანობა იყოს რელიგიური თვალსაზრისით ნეიტრალური და ხელს უწყობდეს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს".

სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა 25 ოქტომბერს დაიწყო. ამ დრომდე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 19 კანდიდატიდან 7-ს მოუსმინა.

აქამდე არსებული განრიგით, კანდიდატებთან გასაუბრება 29 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო. ამავე დღეს იყო დაგეგმილი კენჭისყრა.

სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.

XS
SM
MD
LG