თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ზვიად კუპრავა, თბილისის საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განმარტა, რომ არ არსებობს ფორმალური საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები იმისათვის, რათა აღკვეთის ღონისძიება გამოიყენოს.
მომდევნო, წინასასამართლო სხდომა 20 დეკემბერს დაინიშნა.
პროკურატურა ზვიად კუპრავას 2020 წლის არჩევნებზე ძალადობას ედავება. ორი წლის წინ მომხდარზე ბრალი მას გუშინ, 27 ოქტომბერს, წაუყენეს. ბრალდებული ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ საქმე სრულიად პოლიტიკურია და კავშირი არ აქვს სისხლის სამართალთან.
პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2020 წლის 31 ოქტომბერს თბილისში საარჩევნო უბანზე მომხდარი ძალადობის საქმეზე.
გამოძიება ირწმუნება, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს თბილისში, მირიან მეფის ქ.№16ა-ში განთავსებულ №90-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზვიად კუპრავამ და კიდევ ერთმა პირმა ერთმანეთის მიმართ იძალადეს.