უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ემოციების გარეშე გამოეხმაურა რუსეთის განცხადებას ხერსონის დატოვების შესახებ. უკრაინელებისადმი წუხანდელი ვიდეომიმართვისას, ზელენსკიმ თქვა, რომ საინფორმაციო სივრცეში დიდი სიხარული გასაგებია, მაგრამ ომის დროს საჭიროა ემოციების შეკავება.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, როცა საკუთარი შედეგები ექნებათ ქვეყნის სამხრეთში, აღმოსავლეთსა და სხვაგან, ამას აუცილებლად ყველა დაინახავს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა, რომ არავინ არსაიდან ისე არ მიდის, თუ ძალას არ გრძნობს, მტერი უკრაინას არ უკეთებს საჩუქრებს და კეთილი ნების ჟესტებს და ამ ყველაფრისთვის იბრძვიან.
პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, როცა იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ ყოველ ნაბიჯს მოჰყვება მტრის წინააღმდეგობა და საკუთარი გმირების სიცოცხლის დაკარგვა, ამიტომ წინ მიიწევენ აკურატულად და ემოციების და ზედმეტი რისკის გარეშე და სწორედ ასე უზრუნველყოფენ ხერსონის, კახოვკის, დონეცკის და სხვა ქალაქების გათავისუფლებას.
9 ნოემბერს, საღამოს, უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა „შექმნილი სიტუაციის ყოველმხრივ შეფასების“ საფუძველზე, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიუგუს შესთავაზა, რომ სამხედრო ქვედანაყოფები გადაიყვანონ მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე. შოიგუ წინადადებას დათანხმდა და შესაბამისი განკარგულება გასცა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე, გაზაფხულიდან ოკუპირებული ქალაქი ხერსონი.
გენერალმა სუროვიკინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ თუ კიევი გააგრძელებს კახოვკის ჰესიდან წყლის გაშვებას ან დამცავ ჯებირზე უფრო ძლიერ სარაკეტო იერიშს მიიტანს, სამოქალაქო მოსახლეობა დამატებითი საფრთხის წინაშე დადგება, მარჯვენა ნაპირზე მყოფი რუსული ქვედანაყოფები კი, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდებიან. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო რუსეთის საოკუპაციო ძალების განცხადებები, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურს საფრთხეს უკრაინელი სამხედროები უქმნიან.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს. მანამდეც და შემდეგაც უკრაინის არმია ხერსონის ოლქში კონტრშეტევას განაგრძობდა და ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.
ბოლო ხანს, დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის სამსახურები და ანალიტიკური ცენტრები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი კახოვკის ჰესზე დარტყმის საფრთხეს გამოიყენებდა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან გასვლის საბაბად.
უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, თავად ააფეთქოს კახოვკის ჰიდროელექტროსადგური. 9 ნოემბერს, ღამით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს ვარაუდი ისევ გაიმეორა და მოსკოვში გადაწყვეტილებათა მიმღებები გააფრთხილა, რომ ჰესის აფეთქების ნებისმიერი მცდელობა, უკრაინის ტერიტორიის ჩაძირვა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაუწყლოება იქნება მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადება.