თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოანმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის „არაპროგნოზირებადი“ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) უფროსის, უილიამ ბერნსისა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის შეხვედრას, რომელიც ახლახან გაიმართა თურქეთში.
როგორც ერდოანის პრესსამსახურის ცნობაშია ნათქვამი, მან ეს შეფასება გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარში. Reuters-ის ცნობით, თურქეთის ლიდერმა ასევე ისაუბრა დიპლომატიური ძალისხმევის აღდგენის მნიშვნელობაზე უკრაინაში ომის დასასრულებლად. მან ასევე მადლობა გადაუხადა პუტინს მარცვლეულზე შეთანხმების გაგრძელებისთვის, რაც შავი ზღვის პორტებიდან უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის ექსპორტის განხორციელების საშუალებას იძლევა.
ბერნსისა და ნარიშკინის შეხვედრის შემდეგ ერდოანმა ხუთშაბათს, თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ არც აშშ და არც რუსეთი არ გეგმავენ ახლა ბირთვული იარაღის გამოყენებას.
ამერიკისა და რუსეთის სადაზვერვო უწყებების უფროსთა პირისპირ შეხვედრა ორშაბათს გაიმართა ანკარაში. როგორც ჩანს, ეს ორ ქვეყანას შორის ამ დონეზე გამართული პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ბერნსისა და ნარიშკინის შეხვედრაზე საქმე ეხებოდა მოსკოვის ბირთვულ მუქარებს უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთში პატიმრობაში მყოფი ამერიკის მოქალაქეების ბედი. რუსეთის მხარეს მოლაპარაკებების თემა არ გაუსაჯაროებია. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც კრემლს, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს.