Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შანხაისა და პეკინში საპროტესტო აქციებია COVID-19-ის შემაკავებელი ზომების გამო


პროტესტი COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების წინააღმდეგ. ჩინეთი. 2022 წლის 25 ნოემბერი
პროტესტი COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების წინააღმდეგ. ჩინეთი. 2022 წლის 25 ნოემბერი

კვირას, 27 ნოემბერს, შანხაის ქუჩებში გაიმართა აქციები, რომელთა მონაწილეებსაც ხელში უწარწერო ქაღალდები ეჭირათ და აპროტესტებდნენ COVID-19-ის შესაკავებლად მოქმედ მკაცრ ზომებს - იმ ფონზე, როცა ქვეყნის შორეულ დასავლეთში მომხდარმა ხანძარმა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ქვეყნის მოქალაქეებში ძლიერი სიბრაზე გამოიწვია.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ტალღა, რომელიც მოედო პეკინსაც და ურუმჩისაც - სადაც ხანძარი მოხდა - უპრეცედენტოა ჩინეთში მას მერე, რაც ათწლეულის წინ ხელისუფლებაში სი ძინპინი მოვიდა.

შანხაიში მოქალაქეები შაბათს საღამოს შეიკრიბნენ, რათა პატივი მიეგოთ ხანძრის მსხვერპლთა ხსოვნისთვის. ეს შეკრება კვირას, გამთენიისას, საპროტესტო აქციაში გადაიზარდა. სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ისმის, რომ დემონსტრანტები სკანდირებდნენ: "გააუქმეთ ლოკდაუნი ურუმჩიში, სინიანში, მთელს ჩინეთში!" არის ცნობები, რომ დემონსტრანტები გამოდიოდნენ მოწოდებებით ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ქვეყნის ლიდერის, სი ძინპინის წინააღმდეგაც.

ჩინეთი მისდევს სი ძინპინის პოლიტიკას, რომელიც COVID-ის სრულად აღმოფხვრისკენ მიემართება, მაშინაც კი, როცა დანარჩენი მსოფლიოს დიდ ნაწილში შეზღუდვები მოიხსნა. გლობალური სტანდარტებით, ჩინეთის ამჟამინდელი მაჩვენებელი მაღალი არ არის, თუმცა ის მატულობს - შაბათს ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი 40,000 იყო.

ჩინეთი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკა აუცილებელია იმისთვის, რათა ადამიანები გადარჩნენ და არ გადაიტვირთოს ჯანდაცვის სისტემა. ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ამ პოლიტიკას კვლავ გაატარებენ, საზოგადოებრივი უკმაყოფილების და ეკონომიკაზე მისი უარყოფითი შედეგების მიუხედავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG