Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ბირთვული უწყების ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ რუსებმა, შესაძლოა, დატოვონ ზაპოროჟიეს ატომური სადგური


პეტრო კოტინი, უკრაინის სახელმწიფო კომპანია "ენერჰოატომის" ხელმძღვანელი
პეტრო კოტინი, უკრაინის სახელმწიფო კომპანია "ენერჰოატომის" ხელმძღვანელი

უკრაინის ატომური ენერგიის სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მიერ 27 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, იკვეთება ნიშნები, რომ რუსეთის ძალები, შესაძლოა, ემზადებოდნენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად. სადგური რუსეთის ძალების კონტროლის ქვეშ გადავიდა მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე.

ამგვარი ნაბიჯი იქნება ფრონტზე განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილება ზაპოროჟიეს ნაწილობრივ ოკუპირებულ რეგიონში, სადაც ფრონტის ხაზი ფაქტობრივად არ შეცვლილა თვეების განმავლობაში. ელექტროსადგურის გარშემო არეალების დაბომბვის შემთხვევები იწვევდა ატომური კატასტროფის შიშს.

"ბოლო კვირებში, ფაქტობრივად, ვიღებთ ინფორმაციას იმის ნიშნებზე, რომ ისინი, შესაძლოა, [სადგურის] დასატოვებლად ემზადებოდნენ", - უთხრა "ენერჰოატომის" ხელმძღვანელმა პეტრო კოტინმა სახელმწიფო ტელევიზიას.

"პირველ რიგში, რუსეთის მედიაში ვრცელდება ბევრი ცნობა, რომ ღირს [სადგურის] დატოვება და [მისი] კონტროლის გადაცემა [გაეროს ბირთვული უწყებისთვის], - თქვა კოტინმა და დასძინა, - იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ბარგს ალაგებენ და იპარავენ ყველაფერს, რაც კი შესაძლებელია".

რუსეთი და უკრაინა - სადაც 1986 წელს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური, ჩერნობილის ატომური კატასტროფა მოხდა - ერთმანეთს თვეების განმავლობაში ადანაშაულებენ ზაპოროჟიეს რეაქტორის კომპლექსის დაბომბვაში. რეაქტორი ენერგიას აღარ გამოიმუშავებს, ადრე ზაპოროჟიეს სადგური უკრაინას ელექტროენერგიის დაახლოებით მეხუთედს აწვდიდა.

გაეროს ატომური უწყების, IAEA-ის, ხელმძღვანელი 23 ნოემბერს სტამბოლში შეხვდა რუსეთის დელეგაციას, სადგურის გარშემო დაცული ზონის შექმნაზე სალაპარაკოდ.​

XS
SM
MD
LG