Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი უარყოფს, რომ რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დატოვებას აპირებენ


რუსი სამხედრო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე. 2022 წლის სექტემბერი
რუსი სამხედრო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე. 2022 წლის სექტემბერი

კრემლში უარყოფენ, რომ რუსეთის სამხედრო ძალები აპირებენ დატოვონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.

პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანს, დმიტრი პესკოვს მოსკოვში, დღეს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს უკრაინის ატომური ენერგიის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებაზე, რომ ბოლო კვირებში მიღებული ცნობებით, არის იმის ნიშნები, რომ რუსი სამხედროები შესაძლოა, ემზადებიან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გასასვლელად.

„არ უნდა ეძებო რაღაც ნიშნები იქ, სადაც არ არის და ვერც იქნება“, - განაცხადა პესკოვმა.

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსი სამხედროების მიერაა ოკუპირებული. სადგურზე რჩება უკრაინული პერსონალი, თუმცა, გენერალური დირექტორი და რამდენიმე სხვა ხელმძღვანელი კიევის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გააძევეს. მონიტორინგისთვის ატომურ ელექტროსადგურზე იმყოფებიან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონი არაერთხელ დაიცხრილა, რაშიც უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მას შემდეგ, რაც ოქტომბრის დასაწყისში, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ე.წ. საკონსტიტუციო კანონებს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ოთხი რეგიონის - ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის მიღების შესახებ, პუტინმა გამოსცა "ბრძანებაც" და რუსეთის მთავრობას დაავალა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ფედერალურ საკუთრებაში მიიღოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG