Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონასტერში ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდეს


დაკავებულები: ლაშა ტალახაძე და ვასილ გამგონიძე
დაკავებულები: ლაშა ტალახაძე და ვასილ გამგონიძე

მოსამართლე ზაზა რამიშვილმა სასამართლო სხდომის სრულად დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მოტივად საქმეში პირადი ცხოვრებისა და სექსუალური შინაარსის ძალადობის შესახებ ინფორმაციის არსებობა დაასახელა.

ხაშურის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღური თავდასხმისა და გაუპატიურების საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე დახურულ სხდომაზე განიხილავდა, რადგან ერთ-ერთი დანაშაული სექსუალურ ძალადობას ეხება.

სხდომას ესწრებოდნენ ბრალდებულები ლაშა ტალახაძე და ვასილ გამგონიძე, სასამართლოს შენობასთან კი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი იყო შეკრებილი.

ხაშურის რაიონულ სასამართლოსთან სოფელ ცხრამუხის მცხოვრებლებმა შეკრება, პროცესის დაწყებამდე ორი საათით ადრე დაიწყეს. ადგილზე 50-მდე ადამიანი შეიკრიბა. სასამართლოს შენობის წინ განლაგებულები ჟურნალისტების საქმიანობას აკვირდებოდნენ, ისმოდა აგრესიული შეძახილებიც.

მალე სასამართლოსთან პოლიციის მობილიზება დაიწყო. ხაშურის განყოფილების თანამშრომლებს რეგიონის პოლიციელებიც შეუერთდნენ.

ასამდე პოლიციელმა კოსტავას ქუჩაზე და სასამართლოს მისასვლელი გზები ჩაკეტა. შენობის შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ამის შემდეგ შეიყვანეს სასამართლოს შენობაში ბრალდებულები.

მოსამართლე ზაზა რამიშვილმა სასამართლო სხდომის სრულად დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მოტივად საქმეში პირადი ცხოვრებისა და სექსუალური შინაარსის ძალადობის შესახებ ინფორმაციის არსებობა დაასახელა.

სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ "სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ის, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები და ორივე მათგანს ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეუფარდა".

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღური თავდასხმისა და გაუპატიურების საქმეზე დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ამის შესახებ მედიას საზოგადოებრივმა ადვოკატმა გიგა ჯეირანაშვილმა უთხრა.

"ორივემ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან. რაც შეეხება სხვა დეტალებს, საუბრისგან თავი შეიკავეს. მათ შორის ჩვენების მიცემისგან, ისარგებლეს კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით... არ მაქვს თანხმობა, რომ გავამჟღავნო გარკვეული დეტალები... საქმეში დაზარალებულის ჩვენებაა", - თქვა ადვოკატმა.

მისივე სიტყვებით, დაკავებულები არ იცნობდნენ იღუმენიას და მონაზვნებს.

ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი კაცი 25 ნოემბერს შეიჭრა. ისინი იღუმენიას და მონაზვნებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 70 წლის მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ კრიმინალური შემთხვევის გამო წარსულში ნასამართლევი 27 და 39 წლის კაცები 26 ნოემბერს დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ. მათ თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სხდომის დასრულების მიუხედავად, სასამართლოსთან შეკრებილი მოქალაქეები დაშლას არ აპირებდნენ. ისინი დიდხანს ელოდნენ ბრალდებულთა ეტაპირებას. სასამართლოს ეზოდან გამოსული ავტომობილი, რომელშიც ბარლდებულები იმოფებოდნენ შეკრებილებმა გინებითა და მუქარით გააცილეს, შემდეგ კი მედიის მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილები დაიწყეს.

საქმის არსებითი განხილვა იანვარში დაიწყება.

* მასალა განახლდა და შეივსო

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG