Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ცდილობს შექმნას კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც უკრაინას დაეხმარება ენერგოკრიზისის დაძლევაში


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

აშშ მუშაობს სპეციალური ჯგუფის შესაქმნელად, რომელმაც კოორდინაცია უნდა გაუწიოს უკრაინისთვის გენერატორების, ტრანსფორმატორების და სხვა საჭირო ტექნიკის მიწოდებას ქვეყნის ენერგოსისტემის აღსადგენად. ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი წერს.

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ამ საკითხზე მოლაპარაკება დაიწყო „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გაიმართა გერმანიის ქალაქ მიუნსტერში. შემდეგი სხდომა დეკემბერში პარიზში ჩატარდება.

აშშ-ის ინიციატივით და ხელმძღვანელობით უკვე მოქმედებს სპეციალური საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს და მისი მიზანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა.

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა უმწვავეს ენერგოკრიზისშიც აღმოჩნდა ქვეყნის ენერგოობიექტებზე რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევების შედეგად.

29 ნოემბერს აშშ-მა განაცხადა, რომ უკრაინას 53 მილიონ დოლარს გამოუყოფს ელექტროქსელის მოწყობილობების შესაძენად. იმავე დღეს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ გერმანია 56 მილიონი ევროთი დააფინანსებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას და კიევს გაუგზავნის 350-ზე მეტ გენერატორს.

XS
SM
MD
LG