Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო „კაგებე“ ე.წ. საზღვრის „ცალმხრივ მოწყობას“ განაგრძობს


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის „ცალმხრივი მოწყობის“ შესახებ განაცხადა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

„ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფო საზღვრის იმ მონაკვეთების შემოღობვაზე, სადაც ყველაზე ხშირად ხდება დამრღვევთა დაკავება, ასევე პირუტყვის უნებართვო ძოვება“, - ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო „კაგებე“ აცხადებს, რომ ამ ზომებს სასაზღვრო ორგანოები ახორციელებენ „მკაცრად კომპეტენციის ფარგლებში" და „კანონმდებლობის შესაბამისად“, რაც მიზნად ისახავს მხოლოდ „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას“.

„კაგებე მოუწოდებს რესპუბლიკის მოსახლეობას და სტუმრებს, გაგებით მოეკიდონ სახელმწიფო საზღვრის დაცვის ინტერესებში მიღებულ ზომებს და ამასთან დაკავშირებით წარმოშობილ შეზღუდვებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლება დე ფაქტო საზღვარზე ე.წ. ბორდერიზაციის განგრძობადი პროცესის და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების შესახებ პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, გასულ ორ თვეში ბორდერიზაციის 9 შემთხვევა იყო გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებთან.

საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. ამ ე.წ. სახელმწიფოების დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG