Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე" ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა


30 ნოემბერი. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში
30 ნოემბერი. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა „ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე" ბრალდებული ცხრა პირი. ესენი არიან: ლაშა ფურცხვანიძე, ბექა მურღულიანი, ლაშა ჭირიკაშვილი, დავით თუშიშვილი, ვალერი გობეჯიშვილი, გიორგი ვახტანგაშვილი, დევი კახოიძე, ნუგზარ ქიტიაშვილი და გიორგი გობეჯიშვილი. როგორც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განმარტა, განჩინება შეიძლება, ერთჯერადად გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიაში.

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ცხრავე ბრალდებული დატოვა პატიმრობაში. „ჩვენ ვასაბუთებდით, რომ კვლავ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. შესაბამისად, ეს საფრთხეები იყო მტკიცებულებებით დადასტურებული. არსებობდა შესაბამისი არგუმენტები. ამდენად სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია", - თქვა პროკურორმა.

ბრალდების მხარე ექსპერტიზის დასრულების შემდეგ არ გამორიცხავს ბრალდებულთა წრის გაზრდასა და წარდგენილი ბრალდებების დამძიმებას.

„რაც შეეხება ბრალის დამძიმებას, აქ იგულისხმება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების კვალიფიკაცია. კონკრეტულად დღეის მდგომარეობით, ბრალდებულებს წარდგენილი აქვთ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენება და მათ ბრალად არ აქვთ წარდგენილი ეს შემადგენლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. როდესაც დასრულდება ექსპერტიზა, ამით უნდა დადასტურდეს, არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი ყალბი დოკუმენტის შედგენასა და მისი მიღება-ჩაბარების აქტით დამდგარ შედეგთან კავშირი. თუ ასეთი მიზეზობრივი კავშირი დადგინდება, მაშინ ბრალდება დამძიმდება. ექსპერტიზის დასკვნები ჯერ მოსული არ არის", - თქვა ტყეშელაშვილმა. პროკურორმა დაამატა, რომ ექსპერტიზის მისამართით ახალი კითხვები დაისვა პროექტში [შადრევნის] შეტანილი ცვლილებების შესახებ. მისი განცხადებით, დასკვნების შემდეგ შეიძლება, დამძიმდეს ბრალი და ასევე გამოიკვეთოს სხვა პირების პასუხისმგებლობა.

ერთ-ერთი ბრალდებულის, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, გიორგი ვახტანგაშვილის ადვოკატი კახა წერეთელი სასამართლო პროცესზე პროკურორის მიერ გამოთქმულ არგუმენტებს არ ეთანხმება. მისი აზრით, არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა.

„ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი მოვისმინეთ, რომ შესაძლოა, ბრალდება დამძიმდეს ხვალ და ამისათვის პატიმრობა უნდა დარჩეს ძალაში დღესო. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი სამართლებრივი არგუმენტი. გარდა ამისა, ვხედავთ, რომ დანიშნულია რამდენიმე ექსპერტიზა, რომელსაც დაევალა პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა და აუცილებელია ამ პირების დადგენა. უბრალოდ მსგავსი კატეგორიის საქმეების სწრაფად გამოძიება და ბრალდებული პირების სწრაფად გამოკვეთა არ ხდება. ამ შემთხვევაში ალბათ ემოცია სჭარბობს სამართლებრივ არგუმენტებს და ეს გასაგებია. ჯერ საქმე უნდა იყოს გამოძიებული, პირები უნდა დადგინდეს და შემდეგ უნდა გადაწყდეს ბრალეულობის საკითხი და კონკრეტული პირების დაპატიმრების საკითხი, - თქვა ადვოკატმა და დაამატა, - არ ვფიქრობ, რომ დასკვნის მომზადება ჭიანურდება, ობიექტურად სჭირდება გარკვეული დრო, უბრალოდ ამ დროის განმავლობაში არ არის აუცილებელი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე ვიტყვი, რომ ის იყოს პატიმრობაში. სხვა ბრალდებულებზე მათი ადვოკატები იტყვიან".

„გრინსერვისი+-ის" ყოფილი დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა უპასუხა პროკურორის განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას, რომელიც ეხებოდა პროექტში შესულ ცვლილებებს.

„ეს კითხვა ხშირად ისმის, მაგრამ მისი წარმომავლობა და საფუძველი არის არასწორი. ამ კითხვის ადრესატი არ შეიძლება იყოს შემსრულებელი კომპანია, რადგან ტენდერზე გამოსული პროექტი უკვე არის შედგენილი, უკვე აქვს გავლილი ექსპერტიზა, დამტკიცებულია, ყველა მისი მხარე მოწესრიგებულია და ისე არის ტენდერზე გამოსული პროექტი. კონკურსში ბევრი სუბიექტი მონაწილეობს და იმარჯვებს ერთი. იმის მერე იწყება შესრულება. ამოსავალი წერტილი, სახელმძღვანელო შემსრულებლის არის არსებული პროექტი", - განმარტა მან. ადვოკატმა დაამატა: „ახლა რომ არის პოზიციები, ჩვენებები, რომ რაღაც გაყალბდა, ვიღაცამ რაღაცას ხელი არ მოაწერა და ა.შ. ამასთან შეხება ვერ ექნებოდა შემსრულებელ კომპანიას და არც უნდა ჰქონოდა".

გარდა ამისა, ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ ბრალში წარდგენილი არ არის, რომ ობიექტი პროექტის გვერდის ავლით შესრულდა.

რაც შეეხება ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას, არჩილ ჩოფიკაშვილის აზრით, მოსამართლეს დღეს კანონით რომ ეხელმძღვანელა, ასეთი გადაწყვეტილება, პატიმრობაში დატოვება, აღარ იქნებოდა მიღებული.

გენერალურმა პროკურატურამ „ვაკის პარკის საქმეზე" დაკავებულ ცხრა პირს ბრალდება 19 ოქტომბერს წარუდგინა.

ბრალდებები მოიცავს სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების მუხლებს.

13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.

13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებული დაზიანებებით მალევე გარდაიცვალა, მისი ორი მეგობარი კი, მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გაწერეს.

“ვაკის პარკის შადრევნის” საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბერს 9 ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, "გრინსერვის+-ის" და "მშენ-ექსპერტის" დირექტორები.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG