Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ელჩის გარდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა გაუგზავნეს იარაღის მწარმოებელ კომპანიასაც


ესპანელი პოლიციელები მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან. 2022 წლის 30 ნოემბერი
ესპანელი პოლიციელები მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან. 2022 წლის 30 ნოემბერი

ესპანეთში უკრაინის საელჩოს გარდა, ფოსტით ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიღო იარაღის მწარმოებელმა კომპანია Instalaza-მ. მისი სათავო ოფისი ქალაქ სარაგოსაში მდებარეობს.

ესპანური გამოცემის, El Periodico-ს და რადიოსადგურ SER-ის ინფორმაციით, საფოსტო პაკეტზე, რომელიც კომპანიაში 30 ნოემბერს მიიღეს, ეწერა, რომ ის უკრაინიდანაა გაგზავნილი. კომპანიის თანამშრომლებისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ მადრიდში, უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა, ამიტომ პაკეტი არ გახსნეს და პოლიცია გამოიძახეს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაადასტურეს, რომ საფოსტო პაკეტში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო.

კომპანია Instalaza აწარმოებს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნებს, რომლებიც ესპანეთმა უკრაინას გაუგზავნა რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ.

30 ნოემბერს, დღისით, მადრიდში უკრაინის საელჩომ მიიღო საფოსტო პაკეტი, რომლის ადრესატად მითითებული იყო უკრაინის ელჩი. დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციით, კომენდანტმა პაკეტი საეჭვოდ მიიჩნია, ამიტომ ეზოში გაიტანა და გახსნისას სპეციფიკური ხმის გამო ხელი გაუშვა, რა დროსაც აფეთქება მოხდა და მსუბუქად დაშავდა.

ესპანელმა სამართალდამცავებმა უკრაინის საელჩოში მომხდარ აფეთქებას, წინასწარი ვერსიით, ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. პოლიციამ მადრიდსა და სარაგოსაში მომხდარი შემთხვევების გამოძიება გააერთიანა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საზღვარგარეთ ყველა საელჩოს დაავალა უსაფრთხოების ზომების გაძლიერება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG