Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა


ირაკლი ღარიბაშვილი და კრისტოფერ კავოლი
ირაკლი ღარიბაშვილი და კრისტოფერ კავოლი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა. ინფორმაციას და ფოტომასალას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ღარიბაშვილის თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტებია.

"შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მკაფიოდ დაადასტურა მზაობა, განაგრძოს მხარდაჭერა და წვლილი შეიტანოს ნატოს ძალისხმევაში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

საუბარი შეეხო აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით და აღინიშნა ქვეყნის წვლილი საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ითქვა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველო აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ეგიდით საერთაშორისო მისიებში და მზად არის, მომავალშიც დადგეს ნატოს მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა მხარი დაუჭიროს ჩრდილო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას", - წერია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონში შექმნილ ვითარებას.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ნატოში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე საქართველოში ჯოზეფ ბილბო ესწრებოდნენ.

XS
SM
MD
LG