საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგულ ტელეკომპანია "TF1-თან" ინტერვიუში რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის აუცილებლობაზე ილაპარაკა იმ შემთხვევისთვის, თუკი პუტინი უკრაინაში ომის დამთავრებას დასთანხმდება. ინტერვიუ, რომელშიც მაკრონი ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ საუბრობს, "როიტერსის" ცნობით, გასულ კვირაში, მაკრონის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს არის ჩაწერილი.
„ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთი არსებითი პუნქტი, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, როგორც პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის ამბობდა, არის ის შიში, რომ ნატო მის კარებს მიაღწევს; ასევე, იარაღის განლაგება, რომელიც შეიძლება დაემუქროს რუსეთს.
ამიტომ ჩვენ უნდა მოვამზადოთ, რისი გაკეთებისთვის ვართ მზად, როგორ დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები და წევრი ქვეყნები და როგორ მივცეთ გარანტიები რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების დღეს“, - თქვა მაკრონმა.
უკრაინა უარს აცხადებს რუსეთთან მოლაპარაკებაზე მანამ, სანამ რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულად არ დატოვებენ უკრაინის ტერიტორიას. 2 დეკემბერს, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მზადაა პუტინთან მოლაპარაკებისთვის, თუ მას ომის დამთავრება სურს. ასეთი მზადყოფნის ერთ-ერთ პირობად თეთრი სახლი უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანას მიიჩნევს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ამ განცხადების პასუხად თქვა, რომ ეს მოსკოვისთვის მიუღებელია.
ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონმა პირობა დადო, რომ უკრაინისგან არ მოითხოვს „ისეთი კომპრომისების დაშვებას, რისთვისაც მზად არ არის", ჯო ბაიდენმა კი თქვა, რომ პუტინთან მოლაპარაკებებს იმ შემთხვევაში, თუ ის ომის დამთავრებაზე თანხმობას განაცხადებდა, ნატოს მოკავშირეებთან კონსულტაციით ჩაატარებდა.
3 დეკემბერს, კიევში ვიზიტისას, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას გულწრფელი არ არის.
"დიპლომატია აშკარად ყველას მიზანია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს მეორე მხარესაც სურდეს. და ძალიან ნათელია, რომ პუტინი ამისთვის მზად არ არის. ამას ადასტურებს როგორც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა, ისე კრემლის რიტორიკა", - თქვა ნულანდმა 3 დეკემბერს. ის კიევში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს შეხვდა.
უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით არახამიამ, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრი იყო, 4 დეკემბერს ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ უკრაინა მზად არის უზრუნველყოს რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიები და ამისთვის საკმარისია:
- რუსეთმა დატოვოს უკრაინის ტერიტორია;
- რეპარაციების [ომით მიყენებული ზარალის საკომპენსაციო თანხა, რომელსაც ომის დამწყებად შერაცხილი სახელმწიფო უხდის გამარჯვებულ ქვეყანას - რ.თ.] გადახდა;
- ომის ყველა დამნაშავის დასჯა;
- რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის ნებაყოფლობით დათმობა.
„ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და უსაფრთხოების გარანტიებზე ვისაუბროთ“, - წერს არახამია.