„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აფასებს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების შესახებ ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ის მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრებისადმი სამძიმარი „შხამიანი და სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის“ გამოიყენეს. ბოკერია ასევე გამოთქვამს ვარაუდს, რომ მმართველი პარტიის წევრებს აკრძალული ჰქონდათ ამ თემაზე გამოხმაურება და მხოლოდ საზოგადოებრივი წნეხის შედეგად დაიწყეს სამძიმარზე ლაპარაკი.
„ისეთი შეტოპილი აქვთ პუტინისტურ პროპაგანდაში, რომელსაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებენ, რომ სამძიმრის თქმის ინსტიქტი თავად არ ჰქონიათ, უფრო მეტიც, როგორც ჩანს, აკრძალული ჰქონდა მთელ გუნდს, რომ ამ საკითხზე საჯარო თანაგრძნობის პოზიცია ჰქონოდათ.
სანამ საზოგადოებრივმა წნეხმა და სხვა დროს პოლიტიკური განცხადებებით არცნობილმა, მაგრამ გავლენიანმა ადამიანებმა არ მოუწოდეს ამისკენ, იქამდე არ ჩაუთვლიათ საჭიროდ ამის გაკეთება და მერე, როგორ ჩანს, ჩათვალეს, რომ პიარულად ძალიან ზიანდებიან, თუმცა მაშინაც კი ეს სამძიმარი გამოიყენეს თავისი შხამიანი, სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის, თითქოს ან ადრე, ან მომავალში საქართველოს ბრალი იყო, ან შეიძლება იყოს, რუსეთი თუ თავს დაგვესხმევა, ან როცა ის თავს დაგვესხა“, - ასე ეხმაურება ბოკერია ღარიბაშვილის განცხადებას.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება დასავლეთთან დაახლოების ნაცვლად, მოღალატეობრივი გზით დადის და თან შეურაცხყოფას აყენებს უკრაინაში თავისუფლებისთვის მებრძოლებს.
„გამოიყენეს ეს სამძიმარი ამ მოღალატეობრივი აზრისთვის, თითქოს ახლა მათი ეს მოღალატეობრივი პოზიციაა, რაც გადაგვარჩენს და არა გაძლიერება, რასაც უნდა აკეთებდეს დღეს ხელისუფლება, როცა უნდა მუშაობდეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, აშშ-სთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, რომ დაცულები ვიყოთ.
ამის მაგივრად, სრულიად საპირისპირო, მოღალატეობრივი გზით მიდიან და პლუს დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვინც თავისი ნებით იცავს თავისუფლებას მსოფლიოში და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას უკრაინაში ბრძოლით, თითქოს მათ პოლიტიკური ოპოზიცია აორგანიზებს და მიჰყავთ ომში, ანუ მათ კი არ აქვთ ამის თავისუფალი ნება, სხვები აორგანიზებენ ამას. ეს არის პოლიტიკური არარაობებისა და ნაძირლების გზავნილი, რაც დღეს მოვისმინეთ“, - მიიჩნევს გიგა ბოკერია.
ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვიდან მესამე დღეს გამოუცხადა მათ ოჯახებს სამძიმარი. ამავე განცხადებაში მან უკრაინაში მეომრებს "საწყალი ბიჭები" უწოდა, ოპოზიციას კი - "ფარისევლები." ღარიბაშვილმა დღეს თქვა ისიც, რომ უკრაინის ომში საქართველოს მოქალაქეები ოპოზიციურ პარტიებს მიჰყავთ და ოპონენტებს მოუწოდა, თავად წავიდნენ ფრონტის ხაზზე.