Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: "პრემიერადწოდებული" ღარიბაშვილი ვერ გაიგებს, რა არის თავისუფლების წყურვილი


საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია. ღარიბაშვილმა დღეს უკრაინაში მეომარ ქართველებზე თქვა, რომ ისინი ომში "ომის პარტიას" მიჰყავს და ოპოზიციას მოუწოდა, თავად წავიდეს ფრონტის წინა ხაზზე. მელია მიიჩნევს, რომ პრემიერის ეს განცხადება შეურაცხყოფს გმირებს. ღარიბაშვილს მელია "პრემიერადწოდებულად" მოიხსენიებს 5 დეკემბერს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ სტატუსში.

"სხვაგვარად მას ვერც წარმოუდგენია, არ ესმის და ვერც გაიგებს რა არის თავისუფლების წყურვილი და რა ძალამ შეიძლება წაიყვანოს ადამიანი ფრონტის წინა ხაზზე. როგორ უნდა გაიგოს, ან როგორ უნდა ესმოდეს ეს, როდესაც მას ბატონის მსახურების მეტი არაფერი გაუკეთებია ამ ცხობრებაში!

დიახ, გმირები ბრძოლის ველზე დაეცნენ, იმიტომ, რომ იცოდნენ ვინ არის მტერი და იცოდნენ როგორ მოიპოვება თავისუფლებაა!

საქართველოში დღეს არის "მშვიდობა" არა იმიტომ რომ რუსული ოცნების მთავრობა არის კეთილგონიერი, არამედ იმიტომ რომ უკრაინელი და ქართველი გმირები, რუსეთს უკრაინაში არა მხოლოდ აკავებენ, არამედ ამარცხებენ.

პრემიერად წოდებულმა, მხოლოდ მას შემდეგ რაც საზოგადოების აღშფოთება და რისხვა იწვნია, მხოლოდ სამი დღის შემდეგ მიუსამძიმრა გმირების ოჯახებს.

ასეთ სამძიმარს, ჯობდა საერთოდ არ ეთქვა! ამ სამძიმრით შეურაცხყო გმირები, მათი ბრძოლა და იდეალები. გმირები პრაქტიკულად დაადანაშაულა, პრაქტიკულად დაამადლა სამხედრო პატივით დახვედრა!" - წერს ნიკა მელია და ამატებს, რომ ქართველი მებრძოლები ისტორიაში გმირების სახელით დარჩებიან, ღარიბაშვილი კი - ფილიპე მახარაძისა და სერგო ორჯონიკიძის მსგავსად, მოღალატის სტატუსით შევა.

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვიდან მესამე დღეს გამოუცხადა მათ ოჯახებს სამძიმარი. ამავე განცხადებაში მან უკრაინაში მეომრებს "საწყალი ბიჭები" უწოდა, ოპოზიციას კი - "ფარისევლები." ღარიბაშვილმა დღეს თქვა ისიც, რომ უკრაინის ომში საქართველოს მოქალაქეები ოპოზიციურ პარტიებს მიჰყავთ და ოპონენტებს მოუწოდა, თავად წავიდნენ ფრონტის ხაზზე.

XS
SM
MD
LG