Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა მორიგი მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინაზე


საილუსტრაციო ფოტო: სარაკეტო თავდასხმა
საილუსტრაციო ფოტო: სარაკეტო თავდასხმა

5 დეკემბერს რუსმა სამხედროებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ანექსირებული ყირიმისა, ორშაბათს დღის მეორე ნახევარში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ისევე როგორც წინა მსგავსი თავდასხმების დრო, რუსეთის სარაკეტო დარტყმების სამიზნე ამჯერადაც იყო ენერგეტიკული ობიექტები. უკრაინის ზოგიერთი რეგიონი შუქის გარეშე დარჩა.

კომპანია "უკრენერგომ" დაადასტურა, რომ იერიშების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ელექტროსადგური, რასაც ელექტროენერგიის გათიშვა მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში სამიზნეებს ფრთოსანი რაკეტები დაუშინეს, შავი და კასპიის ზღვების ფლოტების ხომალდებიდან და სტრატეგიული ბომბდამშენებიდან.

უკრაინის რიგ რეგიონებში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს რუსული რაკეტები. მაგრამ აფეთქებები მოხდა ზაპოროჟიეს, ოდესის, კრივოი-როგის, ჩერკასის, ვინიცის, ჟიტომირის, ნიკოლაევის რეგიონებში, ასევე უკრაინის დასავლეთით – ხმელნიცკის, ტერნოპოლის, ლვოვის რეგიონებში.

ადგილობრივი რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის ცნობით, ზაპოროჟიეს რეგიონში, სოფელ ნოვოსოფიევკის დაბომბვის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა; დაშავდა - სამი, მათ შორის 2021 წელს დაბადებული ბავშვი. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების წარმომადგენელმა იური იგნატმა განაცხადა, რომ 5 დეკემბერს რუსეთმა გამოუშვა რაკეტების პირველი ტალღა, მაგრამ შეიძლება ასეთი ტალღა რამდენიმე იყოს.

„როგორც წესი, მათ შეუძლიათ გამოიყენონ რამდენიმე ტალღა რაკეტების უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გასაშლელად, რათა ამით თავგზა აუბნიონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას", - აღნიშნა იური იგნატმა.

  • რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ენერგოობიექტებს მესამე თვეა ინტენსიურად უტევენ, რამაც ქვეყანაში მწვავე ენერგოკრიზისი გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG