რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხიდის აღდგენილ ნაწილზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა განახლდა.
რუსული მედიის ცნობით, აღდგენილი ხიდი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოინახულა; სახელმწიფო ტელეარხმა "როსია 24"-მა აჩვენა მანქანის საჭესთან მჯდომი პუტინი და მისი თანმხლები, ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა.
კრასნოდარის ტერიტორიისა და ანექსირებული ყირიმის დამაკავშირებელი ხიდი 8 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანდა. მიუხედავად იმისა, რომ ხიდზე რემონტი მიმდინარეობდა, მანქანებს შეეძლოთ მოძრაობა მარცხენა ზოლში, რომელიც არ იყო დაზიანებული.
ყირიმის ხიდზე საავტომობილო მაგისტრალის მეორე ზოლის გახსნა 20 დეკემბერს იგეგმება. რემონტი ასევე გრძელდება ხიდზე გამავალი რკინიგზის ორი ხაზიდან ერთ-ერთზე: აფეთქების შედეგად იქ დაიწვა მატარებელი, რომელსაც საწვავის ავზები გადაჰქონდა.