Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრესა: "დაიწყო სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების მეორე ეტაპი"


სომხეთ-თურქეთის საზღვარი. 18 დეკემბერი, 2021 წელი.
სომხეთ-თურქეთის საზღვარი. 18 დეკემბერი, 2021 წელი.

თურქეთის და სომხეთის ოფიციალური წარმომადგენლები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის საავიაციო და სახმელეთო გზით - სასაზღვრო პუნქტ ალიჩანის გავლით - ტვირთბრუნვის დაწყების საკითხებს, იტყობინება თურქეთის გაზეთი Hurriyet Daily News-ი თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

ცნობით, ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი ფრთხილად მიმდინარეობს. თებერვალში რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ გაიხსნა პირველი სამგზავრო რეისები ერევანსა და სტამბოლს შორის. ახლა მსჯელობა მიდის სატვირთო რეისების დაწყების გარშემო, იტყობინება გაზეთი.

მოლაპარაკებასთან დაკავშირებული პირები აცხადებენ, რომ რეისები „შეიძლება დაიწყოს“ 31 დეკემბრამდე. სომხეთში თურქეთიდან ტვირთი ჩააქვთ საქართველოს გავლით. გამშვები პუნქტის ამოქმედების შემდეგ "შესაძლებელი იქნება" თურქეთიდან ტვირთის პირდაპირ სომხეთში შეტანა.

ოფიციალური პირები განიხილავენ ალიჩანის გამშვები პუნქტის ამოქმედების საკითხს.

პუნქტი 1993 წელს დაიხურა. ორ ქვეყანას იქ არსებული 128-მეტრიანი ხიდი აკავშირებს. სამთვიანი უმოქმედობის გამო ხიდი უსარგებლო გახდა.

თურქეთ-სომხეთის ურთიერთობები დაძაბული რჩება, ორ ქვეყანას არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა. დაძაბულობის მიზეზია ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა ხოცვა-ჟლეტის გენოციდად აღიარების თემა, ასევე სომხეთის მიერ ყარსის ხელშეკრულების არ ცნობა და თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის დახმარება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG