საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის შესახებ „ლელო" განცხადებას ავრცელებს. ოპოზიციურ პარტიას მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მორიგ ჯერზე გადადება და მისთვის საკუთარ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა, ყოფილი პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების დარღვევაა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით კი, მისი სიცოცხლისათვის სახიფათო გადაწყვეტილება. "ლელო" აღნიშნავს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს სიცოცხლის უფლება, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე.
„ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, მმართველ გუნდს და პირადად ბიძინა ივანიშვილს – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრებათ მათ.
მაშინ, როდესაც ევროპარლამენტი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ გადაიყვანოს ყოფილი პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ნათელია, რომ სააკაშვილის საკითხი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ამ ქვეყნის მომავალზე, საქართველოს რეპუტაციასა და საერთაშორისო იმიჯზე. სწორედ ამიტომ, „ლელო" მრავალი კვირაა მოუწოდებს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ", - ვკითხულობთ ლელოს განცხადებაში.
პოლიტიკური პარტია მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობის შესახებაც. „ლელო" ზურაბიშვილისგან სააკაშვილის შეწყალებას მოითხოვს.
„პასუხისმგებლობას ვერ ასცდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილიც. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ასევე საქართველოს პოლიტიკური წრეებიდან, რომლის ავანგარდში პარტია „ლელო“ იდგა, სალომე ზურაბიშვილი არ იყენებს მის ხელში არსებულ ძალაუფლების ბერკეტს, რაც მის პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ამძაფრებს.
პარტია „ლელო“ მისი ყველა პოლიტიკური ლიდერის და თითოეული წევრის სახელით, პირდაპირ და დაჟინებით მოითხოვს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისგან - შეიწყალოს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს უახლეს ისტორიაში არ შეიძლება დავუშვათ მეორე პრეზიდენტის მკვლელობის პრეცედენტი. დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკებია და პოლიტიკურ კანიბალიზმს ჰგავს. ასეთი დამღით კი, ქართული საზოგადოება ვეღარასოდეს შეძლებს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად გახდომას და თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.
სასწრაფოდ უნდა დავამთავროთ ეს ისტორიული ღალატი ერთმანეთის და ქვეყნის მიმართ!" - აცხადებს „ლელო".
დღევანდელ, 14 დეკემბრის სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარი მიხეილ სააკაშვილი "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არარსებობის მიზეზით ვერ ჩართო დისტანციურად.
სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.
სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს. "სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.