Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობამ სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია - აზერბაიჯანის პრემიერი


აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობამ დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია. აზერბაიჯანის პრემიერი მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ მთავრობათაშორის კომისიის სხდომას დაესწრო.

"ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობამ დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია. ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ყველა სფეროში - ეს იქნება პოლიტიკა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, სამხედრო და სხვა სფეროები.

ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ ამ სფეროების განვითარებაში. მჯერა, რომ დღეს თქვენი მონაწილეობით ხელმოწერილი დოკუმენტები კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს. აზერბაიჯანი და საქართველო საერთაშორისო ურთიერთობის დონეზე ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს. ჩვენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ყოველთვის მხარს ვუჭერდით", - აღნიშნა აზერბაიჯანის პრემიერმა.

მან ისაუბრა ასევე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე და თქვა, რომ საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

"მიმდინარე წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა სამი პროცენტით. რა თქმა უნდა, მიმდინარე პანდემიისა და გლობალური ეკონომიკის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე ეს ზრდა თავისთავად აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს კიდევ უფრო მეტი პოტენციალი და ჩვენ შევძლებთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას", - განაცხადა ალი ასადოვმა.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთო მიზანი სტაბილური რეგიონის ხილვაა.

"ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, მეგობრობა. ჩვენი ურთიერთობა არის მართლაც უნიკალური, რომელიც გამოცდილია ბოლო წლების და საუკუნეების განმავლობაში. გვაქვს ძლიერი მეგობრობა და ძლიერი კეთილმეზობლური ურთიერთობები.

ჩვენ მოხარული ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვუმასპინძლეთ ბატონ ილჰამ ალიევს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში. განვიხილეთ ჩვენს შორის მიმდინარე სტრატეგიული პროექტები, დავსახეთ გეგმები, რომელზეც დღესაც გვექნება საუბარი...

ჩვენი სანიმუშო პარტნიორობით, ჩვენ ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო სურვილი, რომ ვიხილოთ სტაბილური რეგიონი, რომელიც იქნება საფუძველი მეტი ეკონომიკური განვითარების და მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

15 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. დღესვე ორბელიანების სასახლეში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდება.

XS
SM
MD
LG