საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატს, "ხალხის ძალის" წევრს, ირაკლი (დაჩი) ბერაიას აინტერესებს, როდის დააბრუნებენ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს კლინიკა "ვივამედიდან" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამის შესახებ მან იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს კითხვა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში მოხსენების დროს დაუსვა.
"საზოგადოებაში არის აღქმა და ზედაპირული ანალიზით ასე ჩანს, რომ პატიმარი სააკაშვილი არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში. არის თუ არა ეს ნამდვილად ასე და თუ არის, რატომ? როდის გეგმავთ და როდის გადაიყვანთ პატიმარ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში?" - იკითხა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ. იუსტიციის მინისტრი, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატების კითხვებს მოგვიანებით უპასუხებს.
დღეს, 16 დეკემბერს, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ. ოპოზიციას კითხვები იმ ვიდეომასალასთან დაკავშირებით აქვს, რომელიც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის რამდენიმე დღეს ასახავს. კადრები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 დეკემბერს გამოაქვეყნა.
ვიდეო, რომელსაც ხმა არ აქვს, 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და მოიცავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია სამი თარიღი: 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და სულ ბოლოს რამდენიმე წამზე - 12 დეკემბერი.
სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.
სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.
"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტის წონის კლება ამ ტემპით გაგრძელდება, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.