Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნუ მოკლავ!" - იუსტიციის მინისტრს სხდომაზე ენმ-ის წევრები სააკაშვილის ფოტოებით დახვდნენ


"ნაციონალური მოძრაობის" წევრების პროტესტი საქართველოს პარლამენტის სხდომაზე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების პროტესტი საქართველოს პარლამენტის სხდომაზე

საქართველოს პარლამენტის წევრები "ნაციონალური მოძრაობიდან" იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფოტოებით დახვდნენ. დღეს, 16 დეკემბერს, "მინისტრის საათის" ფარგლებში დეპუტატები რატი ბრეგაძეს უსმენენ.

ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომათა დარბაზში ფეხზე ადგნენ მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა მისალმება დაიწყო.

"გასაგებია თქვენი პერფორმანსი, იქნებ, მაყურებელსაც აჩვენოთ", - მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს იუსტიციის მინისტრმა.

დეპუტატებს ხელში ეჭირათ ფურცლები წარწერით: "ნუ მოკლავ!" და ასევე, ექსპრეზიდენტის ფოტოები, რომლებიც ასახავს კადრებს იმ ვიდეოფირიდან, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა და რომლებიც მიხეილ სააკაშვილის პალატაში არსებული კამერების ჩანაწერებიდან იყო დამონტაჟებული. ამ დროს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე იუსტიციის მინისტრს "მკვლელს" ეძახდა.

"კოლეგებო, თუ გსურთ თქვენი პროტესტის გამოხატვა, შეგიძლიათ ჩუმად გამოხატოთ. გთხოვთ, ნუ შეუშლით პარლამენტის მსვლელობას ხელს... პროტესტი გამოხატეთ როგორც გნებავთ, მთავარია იყოს სიმშვიდე. ბატონი რატი ხედავს თქვენი პროტესტის შინაარსსაც და ამასთან დაკავშირებითაც გიპასუხებთ", - მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

თავმჯდომარის მოწოდების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე მინისტრის მკვლელად მოხსენიებას განაგრძობდა. ამის გამო იგი პაპუაშვილმა გააფრთხილა, რომ სხდომათა დარბაზს დაატოვებინებდა.

"უზრდელი ხარ, ქალბატონო, უზრდელი, მაგრამ ხმას არ გაგცემ. ამ უზრდელობაზე როგორ გიპასუხო, ქალი ხარ?!. ვახ, ხაბე [ლევან ხაბეიშვილი], საღოლ!.. მაგრად შეგვაშინეთ, საღოლ!.. დაჯექით, დაჯექით, ხუთიანიც ვერ მიიღეთ, ორიანს ვერ ცდები", - ისმოდა იუსტიციის მინისტრის რეპლიკები.

მას შემდეგ, რაც მანდატურებმა დეპუტატ წითლიძეს სხდომა დაატოვებინეს, დარბაზიდან საკუთარი ნებით გავიდნენ მისი თანაპარტიელებიც.

"ჩვენი კოლეგები, ნაცვლად იმისა, რომ დაესვათ კითხვები, რაც ჰქონდათ, სამწუხაროდ, ირჩევენ სხვა ფორმას, რომელიც არ ჯდება საპარლამენტო საქმიანობის ფორმატში. კარგია ამ მხრივ, რომ დარბაზი დატოვეს", - თქვა პაპუაშვილმა.

სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლევან ხაბეიშვილს, დაცვის თანამშრომლები არ აძლევდნენ უფლებას პარლამენტში შეეტანა მიხეილ სააკაშვილის ფოტოები და პლაკატები.

დღეს, 16 დეკემბერს, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ. ოპოზიციას კითხვები იმ ვიდეომასალასთან დაკავშირებით აქვს, რომელიც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის რამდენიმე დღეს ასახავს. კადრები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ვიდეო, რომელსაც ხმა არ აქვს, 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და მოიცავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია სამი თარიღი: 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და სულ ბოლოს რამდენიმე წამზე - 12 დეკემბერი.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.

"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტის წონის კლება ამ ტემპით გაგრძელდება, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.

XS
SM
MD
LG